შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის თავმჯდომარეს, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკური ჯგუფის პრეზიდენტს, ემანუელის ზინგერისს და მისიის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე შს მინისტრმა სტუმრებს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების რიგგარეშე და შუალედური არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით მის მიერ გამოცემული სპეციალური ბრძანება გააცნო. როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით ღონისძიებებს განახორციელებს, კერძოდ, საქართველოს თითოეულ რეგიონში საპოლიციო დანაყოფების შესაბამისი ხელმძღვანელი პირებისაგან შეიქმნება პასუხისმგებელი ჯგუფები, რომლებიც საარჩევნო პერიოდში და, აგრეთვე, არჩევნების დღეს მოსალოდნელი საფრთხეების, მათი გამომწვევი მიზეზებისა და რისკების შეფასებას უზრუნველყოფენ.
შს მინისტრმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო მისიის დელეგაციასთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება, მოქალაქეთა და პოლიტიკური პარტიების თავისუფალი ნების გამოხატულების უზრუნველყოფა, ყველა საერთაშორისო დემოკრატიული ნორმების დაცვით.
გიორგი მღებრიშვილის თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარესთან ერთად დაგეგმილია საარჩევნო პერიოდში თანამშრომლობის დეტალური გეგმის და მოსამზადებელი სამუშაოების განხილვა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულ მზადყოფნაშია, უზრუნველყოს სამართლიანი და დემოკრატიული წინასაარჩევნო გარემო“, - განაცხადა შეხვედრაზე შს მინისტრმა.