საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ბოლნისის რაიონული სამმართველოს ახალი შენობა გახსნა.
ბოლნისის პოლიციის მშენებლობა გასული წლის ზაფხულში დაიწყო და თანამედროვე სტანდარტებს სრულად შეესაბამება. შენობა 40 თანამშრომელზეა გათვლილი. მოწყობილია დეტექტივებისა და გამომძიებლების სამუშაო სივრცე, დასაკითხი, ამოსაცნობი და ნივთმტკიცების ოთახები. შენობა, ასევე, ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
შინაგან საქმეთა მინისტრი შენობის დათვალიერების შემდეგ ამავე სამმართველოს თანამშრომლებს გაესაუბრა და სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.
„დღეს ჩვენ აქ გავხსნით პოლიციის ახალი შენობა. ეს არის ძალიან კარგი ინფრასტრუქტურული პროექტი. აქ იმსახურებს 40 პოლიციელი, რომლებიც მოემსახურებიან ამ დიდ რაიონს, დაახლოებით, 60 000 მოქალაქეს. აქ არის სრულად მოწყობილი თანამედროვე ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ჩვენმა პოლიციელებმა ღირსეულად შეასრულონ თავიანთი მოვალეობა. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ წელს დაიწყება და დასრულდება პოლიციის ახალი შენობები გომში, მესტიაში, წალენჯიხაში, პანკისსა და ბაკურიანში. წელს აუცილებლად დავიწყებთ პოლიციის ახალი შენობის მშენებლობას ბათუმში და ეს იქნება აჭარის პოლიციის სავიზიტო ბარათი", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, რეფორმების ფარგლებში, მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს, მათ შორისაა ბინათმშენებლობის პროექტები თანამშრომლებისათვის.