ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების (MARCOM) სარდლის მოადგილე, ვიცე-ადმირალი ერვი ბლეჟო საქართველოში ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ვიცე-ადმირალ ერვი ბლეჟოს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს როლზე ნატოს შავი ზღვის უსაფრთხოების ინიციატივის ფარგლებში, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციასა და ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობას შორის არსებულ ეფექტიან თანამშრომლობასა და სანაპირო დაცვის გაძლიერებაზე ისაუბრეს. გიორგი გახარიამ და ერვი ბლეჟომ ნატოს ოპერაცია „ზღვის მცველში“ საქართველოს მონაწილეობისა და სამომავლოდ ოპერაციაში სანაპირო დაცვის კანონაღსრულების დანაყოფების ჩართვის საკითხებიც განიხილეს.
აღსანიშნავია, რომ ნატოს საზღვაო ძალებთან ურთიერთთავსებადობის ამაღლების მიზნით, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების შესაბამისმა ტაქტიკურმა დანაყოფმა სპეციალური მომზადების კურსი ნატოს კანონაღსრულების ოპერაციების სკოლაში, საბერძნეთში გაიარა.
შეხვედრაზე გიორგი გახარიამ ხაზგასმით აღნიშნა ნატოს მრავალეროვნულ სწავლებებში საქართველოს სანაპირო დაცვის ჩართულობისა და ნატოს საზღვაო ძალებთან ერთობლივი სწავლებების ჩატარების მნიშვნელობა.
„მოგეხსენებათ, რომ ამ დღეებში ფოთში ნატოს სამხედრო ხომალდები იმყოფება, რაც ნატოს მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა. ჩვენ დღეს შეხვედრაზე ვისაუბრეთ საზღვაო უსაფრთხოების შესახებ, თუ როგორ უნდა გავაძლიეროთ შავ ზღვაზე საზღვაო უსაფრთხოების კუთხით ჩვენი თანამშრომლობა, რა მიმართულებით შეგვიძლია ვიყოთ უფრო სარგებლიანები ერთმანეთისთვის და რა კონტექსტში, რა კომპონენტებში შეუძლია ნატოს უფრო ეფექტიანად დაუჭიროს მხარი საქართველოს უსაფრთხოებას. ამავე დროს, ჩვენ ვისაუბრეთ, რა სიხშირით შემოვლენ ქართულ პორტებში ნატოს სამხედრო გემები, რაც, ასევე, არის ჩვენი უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტი“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
ვიცე-ადმირალი ერვი ბლეჟო საქართველოს ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) ვიზიტის ფარგლებში სტუმრობს.