პარლამენტის „მინისტრის საათის“ ფორმატში ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სამინისტროს ანგარიში წარმოადგინა. სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა მიმდინარე საკითხები მიმოიხილა და შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა.
„დღეს ჩემთვის არის მეხუთე საპატიო ჯერი, როდესაც მე ამ ტრიბუნაზე ვდგავარ, ერთი წლის განმავლობაში და მაქვს პატივი, მივმართო საქართველოს პარლამენტს და პარლამენტარებს. რა თქმა უნდა, დღევანდელი გამოსვლით ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურებთ ჩვენს პატივისცემას საპარლამენტო დემოკრატიისა და საპარლამენტო ზედამხედველობისადმი და შესაბამისად, ვეცდებით, პასუხი გავცეთ ყველა იმ შეკითხვას, რომლებიც არსებობს საზოგადოებაში და რომლებიც გაქვთ თქვენ. დღეს ჩვენი ძირითადი მიზანი გახლავთ ის, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩვენი გეგმა, ქმედება, პოზიცია, ყოველთვის იყო და იქნება გახსნილი, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რას აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რა გააკეთა, რა გეგმები აქვს და რა მიმდინარე პროექტები აქვს.
მინდა, რამდენიმე სიტყვით მოგმართოთ, თითოეული პოლიციელის სახელით და შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული თანამშრომლის სახელით, იმ საკითხებზე, რომლებიც მათ აღელვებთ. მოგეხსენებათ, რომ, სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების პოლარიზაციის ხარისხი არის ძალიან მაღალი და საკმაოდ მაღალი რადიკალიზაციის პირობებში ხორციელდება ჩვენი სოციალური და პოლიტიკური ცხოვრება. ხშირ შემთხვევაში, ზოგიერთ მხარეს აქვს მცდელობა, რომ ამ პროცესში პოლიცია, როგორც ასეთი, გახადოს მხარე. მაშინ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია ერთმნიშვნელოვნად არის ის, რომ პოლიცია სრულიად აპოლიტიკური და ეფექტური ორგანოა. შესაბამისად, როდესაც ასეთ მცდელობებს აქვს ადგილი, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პოლიცია არის ყველასი და პოლიციის ძირითადი მიზანი და რეფორმების ძირითადი მიზანი გახლავთ ის, რომ პოლიცია იყოს აპოლიტიკური - ეს ერთი. მეორე - ჩვენთვის და თითოეული პოლიციელისთვის მნიშვნელოვანი საკითხი გახლავთ ის, რომ, სამწუხაროდ, პოლიციის და პოლიციელის დისკრედიტაციის მცდელობამ სისტემური ხასიათი მიიღო და ეს იღებს კამპანიურ ხასიათს. რა თქმა უნდა, აქაც ყველამ უნდა გავიხსენოთ ის, რომ პოლიცია ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს და პოლიციის რეპუტაციას უნდა გავუფრთხილდეთ ყველა, რამეთუ ეფექტური პოლიცია და მართლწესრიგი არის თითოეული მოქალაქის დღევანდელ და მომავლის ინტერესებში.
არის გარკვეული მცდელობები, შეზღუდონ პოლიციის არეალი, ქმედებები, თემები, გეოგრაფიული განზომილებები, კლუბები და კიდევ სხვადასხვა სახის მცნებები. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ვერავინ ვერასოდეს პოლიციის კანონიერ ქმედებას ვერ შეზღუდავს საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფ ვერც ერთ ტერიტორიაზე და შესაბამისად, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პოლიციის კანონიერი ქმედება ვერ შეიზღუდება ვერასდროს და ვერსად.
ასევე, ხაზგასმით მინდა ბოლო საკითხზე გავამახვილო თქვენი ყურადღება და თითოეულ თქვენგანს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მოვუწოდო, განსაკუთრებით ისეთ სენსიტიურ თემებზე, როგორიც არის საოკუპაციო ზოლი, თუნდაც საზღვარი - უფრო პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენს მოქმედებებს, რამეთუ ქვეყნის უსაფრთხოება არ არის მხოლოდ და მხოლოდ ადამიანთა რომელიმე ერთი სოციალური ჯგუფის ინტერესი. ქვეყნის უსაფრთხოება დგას ყველანაირ პოლიტიკურ ინტერესზე უფრო მაღლა. ეს არის და ეს. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ მაღალ მატერიებზე, ობიექტური რეალობაც უნდა გავითვალისწინოთ.
სისტემური რეფორმების გეგმა შეიცავს 3 კომპონენტს, ეს არის შინაარსობრივი, სტრუქტურული და საკანონმდებლო ცვლილებები და ახლა მე კონკრეტულად გადავალ იმ ცვლილებებზე, რომლებიც უკვე განხორციელდა იმ მიმართულებების ნაწილში, რომელიც არის ძირითადი დეპარტამენტები და ძირითადი პასუხისმგებლობის ზონები შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის.
კრიმინალური პოლიციის ნაწილში, ბევრს არ ვილაპარაკებ იმაზე, რაზეც უკვე გვისაუბრია. კრიმინალური პოლიციის ნაწილში რეფორმები ძირითადად შეიცავდა სპეციალიზაციის გაჩენას და თბილისში ეს პროცესი უკვე დაწყებულია. თბილისში არსებობს უკვე აბსოლუტურად გამიჯნული საგამოძიებო, საუბნო და ოპერატიული მიმართულებები. თბილისი არის პირველი ქალაქი, სადაც გამოჩნდნენ მართლწესრიგის ოფიცრები, ეს არის ის საუბნო მიმართულება, რომელიც ძირითადად მიმართულია პრევენციაზე. ვაკე-საბურთალოს რაიონში უკვე მოქმედებს ასეთი ქვედანაყოფი და გარდა იმისა, რომ ამ ახალ ქვედანაყოფს - ახალგაზრდებს, რომლებიც მსახურობენ პოლიციაში, უკვე თამამად უღებს თითოეული ჩვენი მოქალაქე თავისი სახლის კარს და შედიან მათთან ძალზედ ეფექტურ კომუნიკაციაში, ისინი, ასევე, თავისი პასუხისმგებლობის ზონაში აკონტროლებენ და თვალყურს ადევნებენ სოციალური ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტებს, როგორიცაა: სასწავლო, საგანმანათლებლო და კიდევ ბევრი დანიშნულების კომპონენტი. ამ დრომდე, ტესტირება უკვე გაიარა 1200-მა გამომძიებელმა, შეფასდა იყო მათი ცოდნისა და კომპეტენციის დონე. ამ შეფასებების შედეგად, აკადემიაში შეიქმნა გამომძიებლების გადამზადების სრულიად ახალი კურსი. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, 100-ზე მეტი გამომძიებელი ამ კურსს გადის. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გაკეთდა ამ კომპონენტში - პირველად შინაგან საქმეთა სამინისტროში დაინერგა ანაზღაურებადი სტაჟირება, რაც ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდები, რომლებიც იწყებენ მუშაობას, თან სწავლას, მაგალითად, პოლიციის აკადემიაში, მათ უკვე ანაზღაურება ენიშნებათ. ეს უკვე გვაძლევს საშუალებას, საუკეთესო კადრები მოვიზიდოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში.
ის, რაც ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ და რასაც დავარქვით საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერება, რომელიც შედგება 3 ძირითადი მიმართულებისგან, გახლავთ შიდა გამიჯვნა და ამაზე უკვე ვისაუბრე, რაც ხდება კრიმინალურ პოლიციაში. არის, ასევე, საკანონმდებლო გამიჯვნა. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი კანონმდებლობის გათვალისწინებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივის შედეგად, ინიცირებული იყო საგამოძიებო კომპონენტის გამიჯვნა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელსა და პროკურორის საზედამხედველო უფლებამოსილებებს შორის. ამაში დეპუტატებიც ძალიან დაგვეხმარნენ. ეს კონცეფცია ჩვენ წარუდგინეთ ვენეციის კომისიას. კონცეფცია ვენეციის კომისიამ მოიწონა, დაგვეთანხმა და დღეის მდგომარეობით, ჩვენ ვაკეთებთ გეგმას. უკვე არსებობს აბსოლუტურად მკაფიოდ გაწერილი 2-წლიანი გეგმა, რომელსაც თქვენთან მოვიტანთ განსახილველად. კიდევ ერთი, საგამოძიებო ნაწილში ძალზე მნიშვნელოვანი - უკვე შეიქმნა ახალი ფუნქცია შინაგან საქმეთა სამინისტროში, ეს გახლავთ ხარისხის კონტროლი. იგი შეთავსებით დაევალა ადამიანის უფლების დაცვის დეპარტამენტს, რომელმაც საკმაოდ წარმატებით იფუნქციონირა ამ ერთი წლის განმავლობაში და პირველ რიგში, იმ მუხლებით, რომლებიც ეხება მძიმე დანაშაულს, რა თქმა უნდა, დაექვემდებარება ამ დეპარტამენტის მიერ განხორციელებად ხარისხის კონტროლს.
საგზაო უსაფრთხოების ნაწილში, მინდა, მარტივად გითხრათ, რომ, რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა. ყოველ წელს ჩვენ ვკარგავთ ჩვენს ქუჩებში ასობით ადამიანს. 2018 წელს დავკარგეთ 500-ზე მეტი ადამიანი, ამიტომ ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და აქ თქვენი მხარდაჭერის იმედი გვაქვს, არა მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილების, არამედ იმ კამპანიის ნაწილშიც, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ წამოიწყო.
კამპანიას ჰქვია „მეტი სიცოცხლისთვის“ და მასში სულ უფრო და უფრო მეტი მოქალაქე ერთვება სხვადასხვა ფორმით, რომლებმაც სრულად გაიაზრეს პასუხისმგებლობა და ამ რაღაც გაურკვეველი პროტესტული ესთეტიკის მაგივრად, იმ კამპანიაში ერთვებიან, რომელსაც კონკრეტული შედეგები მოაქვს და რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინოთ.
აქვე, მინდა ხაზი გავუსვა რამდენიმე ძალზე მნიშვნელოვან მიღწევას. რისკების შეფასების სისტემამ ოჯახური ძალადობის ნაწილში და ასევე, შემაკავებელმა ორდერებმა მოგვცა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ეფექტი და შედეგი. შემაკავებელი ორდერების რაოდენობა გაიზარდა და თუ არ ვცდები, 6000-ს გადაცდა, მაგრამ ეს არ არის შედეგი. შედეგი არის ის, რომ ოჯახში ძალადობის მოტივით ქალთა მკვლელობა კარდინალურად არის შემცირებული ქვეყანაში. 2018 წლის განმავლობაში არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც მსგავსი მძიმე დანაშაული მომხდარიყო შემაკავებელი ორდერის არსებობის პირობებში, რაც წლების განმავლობაში ყოველთვის პრობლემა იყო.
გარდა ამისა, დროებითი მოთავსების იზოლატორებში ინფრასტრუქტურა სრულად იქნა განვითარებული, თითქმის ყველგან ჩატარდა რემონტი, გაიზარდა სამედიცინო პერსონალის რაოდენობა, რაზეც წლების განმავლობაში იყო მოთხოვნა, გაიზარდა ვიდეოკამერების რაოდენობა, გაიზარდა ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადა. ამ ყველაფერს კი მოჰყვა შესაბამისი შეფასება "CPT"-ის დასკვნებშიც, ჩვენ ეს წინასწარი პოზიტიური გამოხმაურება უკვე გვაქვს.
უკვე შექმნილია ერთიანი მომსახურების ცენტრი და დარწმუნებული ვარ, ბევრმა თქვენგანმა ისარგებლა ამ მომსახურების სივრცით. იმის ნაცვლად, რაც გვახსოვდა "მე-12" ოთახის სახით, დღეს თანამედროვე სივრცეში ვიღებთ აბსოლუტურად დიჯიტალიზებულ სერვისებს.
გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ თითოეული პატრულ-ოფიცერი აღჭურვილია სამხრე კამერებით, რამაც, დარწმუნებული ვარ, რომ რადიკალურად შეამცირა კონფლიქტების რაოდენობა პატრულ-ოფიცერსა და მოქალაქეს შორის კონტაქტის დროს.
სიახლეა ტურისტული პატრულიც, რომელიც უკვე გამოჩნდა ქუჩებში. თუ ვინმეს ბოლო პერიოდში შეხება ჰქონია ქუჩაში მყოფ ბავშვებთან თბილისში, ეს ყველაფერი სწორედ ამ ახალგაზრდების, ამ ახალი ქვედანაყოფების მიერ იქნა აღკვეთილი და დღეს ჩვენი მოქალაქეები და ქალაქის სტუმრები თავისუფლად სეირნობენ ძველი თბილისის ქუჩებში.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ყველაზე დიდი მიღწევა პატრულის ნაწილში, რაც ჩვენ გავაკეთეთ, ეს არის სამუშაო პროცედურების აღწერილობა, რაც აქამდე პატრულს არ გააჩნდა. თითოეულ ოფიცერს, რიგითს, რომელიც იწყებს პატრულში მუშაობას, მკაფიოდ ექნება აღწერილი თავისი უფლება-მოვალეობები და ფუნქციები.
ამასთან ერთად, რაც აქამდე არ არსებობდა, პატრულში განხორციელდა სტანდარტული პროცედურების დეტალური აღწერა, ისეთი, როგორიც არის, მაგალითად, დაკავება, ზედაპირული დათვალიერება, ძალის გამოყენება და ასე შემდეგ.
ჩვენ ადამიანებს ვიღებდით სამსახურში, აღვჭურვავდით მათ საბრძოლო იარაღით, თუმცა მათ არ ჰქონდათ მკაფიოდ გაწერილი ის ფუნქციები, მოვალეობები და პროცედურები, რომლებიც უნდა აღესრულებინათ თითოეულ ჩვენ მოქალაქესთან ურთიერთობაში.
გაიზრდება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებიც. ჩვენი დღევანდელი რესურსით, შეგვიძლია, წლის ბოლომდე საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა, მაგალითად, ქალაქში გავზარდოთ 30-მდე. თუმცა, ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, 2010 წლის შემდეგ არ გაზრდილა საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა რაოდენობა, ვგულისხმობ ოპერატიულ თანამშრომლებს. ამ პერიოდის განმავლობაში, უნდა ვიცოდეთ, რომ 700 ათასიდან მილიონ 200 000-მდე გაიზარდა რეგისტრირებული ტრანსპორტის რაოდენობა. ასევე, ტურისტების რაოდენობა საქართველოში გაიზარდა, დაახლოებით, მილიონიდან 9 მილიონამდე და კიდევ ბევრი რამ. თქვენ მიერ მიღებული კანონმდებლობის შედეგად, პატრულ-ოფიცრებს დაეკისრათ უფლებამოსილებები, ვალდებულებები, რომელთა აღსრულების პირობებშიც მათი რაოდენობა არ გაზრდილა. დღეს საპატრულო პოლიციაში ძალზე მწვავედ დგას ადამიანური რესურსების საკმარისობის საკითხი და ჩვენ უახლოეს პერიოდში დასაბუთებულად მოგმართავთ თქვენ თხოვნით და, რა თქმა უნდა, მთავრობასაც, რომ აუცილებელია საპატრულო პოლიციის შემადგენლობის ზრდაზე დაფიქრება.
ასევე, მინდა გითხრათ, რომ საპატრულო პოლიციის ნაწილში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ნაწილში, საკმაოდ სერიოზული გეგმები გვაქვს. აქ ნაწილობრივ შევეხები კამერების ინფრასტრუქტურის რაოდენობას, რომელიც კარდინალურად შეიცვალა ქალაქში. მინდა იცოდეთ, რომ, ქვეყნის მასშტაბით, 2017 წლის ბოლოს საქართველოში მუშაობდა 170 ვიდეოსამეთვალყურეო კამერა. დღეის მდგომარეობით, მათი რაოდენობა არის 2 600. წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით იფუნქციონირებს სხვადასხვა დანიშნულების: ნომრის ამომცნობი, ზოგადი ხედვის, სახის ამომცნობი და კიდევ მრავალი სხვა სახის 5000 კამერა, რაც, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს როგორც კრიმინალური პოლიციის საგამოძიებო ნაწილის მუშაობას, ასევე, საგზაო უსაფრთხოების ნაწილში კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
მინდა გითხრათ, რომ საზღვარი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, თუმცა, ასევე, მინდა ვაღიარო და ვთქვა, რომ მის, ასე ვთქვათ, სიღრმისეულ რეფორმირებამდე ჩვენ ჯერ ვერ მივედით. ამიტომ, ჩვენ მივყვებით გეგმას სასაზღვრო სექტორების მშენებლობის ნაწილში, იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურა ნორმალურ მდგომარეობაში გვქონდეს. თუმცა, ყველას კარგად გვესმის, რომ საზღვრის დაცვა არის საკმაოდ ძვირი სიამოვნება და ჩვენ სუსტი ეკონომიკური პირობების გათვალისწინებით, ეს შეუძლებელია სტრატეგიული პარტნიორების დახმარების გარეშე. ამ დახმარებას ჩვენ ძალზე ეფექტურად ვიღებთ, რის გამოც მადლობა მინდა გადავუხადო მათ. თუმცა, ასევე, მინდა გითხრათ, რომ წელსაც და მომავალ წელსაც, საზღვრის დაცვის კომპონენტში ძირითადი აქცენტები იქნება სანაპირო დაცვის მიმართულებით და ამას აქვს თავისი მარტივი ახსნა, რამეთუ სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება საქართველო-ნატოს თანამშრომლობა, შავი ზღვის უსაფრთხოების კომპონენტში. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალები არ გააჩნია, სანაპირო დაცვა არის ერთადერთი უწყება, რომელიც ნატოსთან თანამშრომლობს შავი ზღვის უსაფრთხოების ნაწილში და ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, როგორც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ასევე, ჩვენი სანაპიროს დაცვის კომპონენტში.
საერთაშორისო თანამშრომლობის ნაწილში, მინდა მოგახსენოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აფართოებს პოლიციის ატაშეების ქსელს. წელს ჩვენ დაგვემატა რამდენიმე ქვეყანა. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩაატარა 10 საერთაშორისო სპეცოპერაცია, რომელთა ფარგლებშიც დაკავებული იქნა 166 დამნაშავე, მათ შორის, ქართული წარმომავლობის10 კანონიერი ქურდი. ეს გახლდათ 21 ღონისძიება ჩატარებული, საფრანგეთში, საბერძნეთში, ესპანეთში და ევროპის სხვადასხვა ქვეყნაში.
საკითხი, რომელსაც ამჯერად მინდა შევეხო, გახლავთ ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგიები. მაღალი ხარისხის ტექნოლოგიების და შესაბამისი ინფრასტრუქტურის გარეშე არ არსებობს თანამედროვე საპოლიციო მომსახურება და ამიტომ, მინდა გითხრათ, რომ 2018 წლის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფრასტრუქტურაში, ფაქტობრივად, დახარჯა 96-97 მილიონი. ეს არის ის ფული, რომელიც დაიხარჯა ახალი ტრანსპორტის, პოლიციის ახალი შენობების, დროებითი მოთავსების ახალი იზოლატორების, ინფრასტრუქტურის ტექნოლოგიური აღჭურვილობის და ბევრი სხვა მიმართულებით. პირველად საქართველოში, წელს შეიქმნება კრიმინალისტიკური ლაბორატორია, რომელიც ამიერკავკასიაში იქნება ყველაზე მძლავრი და განვითარებული. ჩვენ უახლოეს პერიოდში ამ შენობას თბილისში, გულუას ქუჩაზე გავხსნით. ეს იქნება ის კრიმინალისტიკური ლაბორატორია, რომელიც შეძლებს, სრულფასოვნად მოემსახუროს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებოს და სხვა საგამოძიებო უწყებებსაც.
მაგალითად, დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში არ არსებობდა ბალისტიკური შემოწმების ავტომატიზებული სისტემა, რაც ნიშნავს იმას, რომ, როდესაც დანაშაულის ადგილიდან გამომძიებელი ამოიღებდა მასრას, ან ტყვიას, მას, დაახლოებით, 400 000 ეგზემპლარი ხელით უნდა შეედარებინა, იმიტომ, რომ ელექტრონული ბაზა არ არსებობდა. შეიძლება, ეს შედარება დაწყებულიყო დღეს და დამთავრებულიყო 10 წლის შემდეგ. რეალურად, რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ, ეს პროცედურები დაგვყავს, დაახლოებით, ერთი დღის ფარგლებში, ოღონდ მას შემდეგ, რაც მოვახერხებთ ამ ბაზის დიჯიტალიზებას.
ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალისტიკურ ლაბორატორიას ექნება თავისი დნმ-ლაბორატორია, რომელიც მოგვცემს საშუალებას, სწრაფად გამოვიძიოთ ის საქმეები, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვისაც და თითოეული ჩვენი მოქალაქისთვისაც.
მარტივი მაგალითი მინდა გითხრათ - სასაზღვრო პოლიციის ინფრასტრუქტურაში დღეს არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი ვერტმფრენი, რომელიც ემსახურება სასაზღვრო პოლიციის როტაციას, მაგალითად: თუშეთში რიგითი მოქალაქეების გადაყვანას, საგანგებო სიტუაციებში მართვას, როდესაც ადამიანი ზიანდება მთაში, ზამთრის პერიოდში. ჩვენ მოვახერხეთ და წლის ბოლომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს ეყოლება 4, რა თქმა უნდა, გამართული და არა ახალი, მაგრამ კაპიტალურად გარემონტებული ვერტმფრენი.
მოგეხსენებათ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის ნაწილი წელს დაუბრუნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მინდა გითხრათ, რომ მიმდინარე პერიოდში, რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს საგანგებო სიტუაციების მართვის მსხვილი სახანძრო ობიექტების მშენებლობა - ზუგდიდში, ანაკლიაში, ბევრგან - დაახლოებით, 9 ობიექტი შენდება. გარდა ამისა, ხდება ავტოპარკის განახლება, იმისთვის, რომ ჩვენ სახანძროებს ჰქონდეთ საშუალება, სრულფასოვნად და ეფექტიანად მოემსახურონ მოქალაქეებს.
ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ კრიმინალთან ბრძოლის ვერანაირი ეფექტი ვერ იქნება მდგრადი, გრძელვადიანი და ფასეული, თუ ჩვენ ვერ შევძელით ადამიანის უფლებების სტანდარტის დაცვა. სწორედ ამიტომ, თითოეული ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვდგამთ და რომელსაც გადავდგამთ, იქნება აბსოლუტურად გააზრებული გეგმის მიხედვით.
არ გვინდა ახლა აქ კონკრეტულ ციფრებზე საუბარი, იმიტომ, რომ ვიცით, რა შედეგები ექნება სტატისტიკური შედეგებით, თუნდაც უახლოეს თვეებში კრიმინოგენულ მდგომარეობას ქვეყანაში. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ კოლეგებო, ჩვენ შევასრულეთ პირველი დაპირება და დღეს გვაქვს აბსოლუტურად სუფთა, მკაფიო და ობიექტური სურათი სტატისტიკის ნაწილში. ასევე, ჩვენ გვაქვს ანალიზზე დაფუძნებული ბევრი მონაცემი, რომლის დამუშავება უკვე შესაძლებელია და შეგვიძლია, მათ შორის თქვენთან ერთად, დავსხდეთ და ვიფიქროთ იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ და როგორი უნდა იყოს ქვეყნის სისხლის სამართლის პოლიტიკა. ამიტომ, ჩვენ ვამბობთ, რომ ისეთ დანაშაულში, როგორიც არის მძიმე დანაშაული - მკვლელობა, განზრახ მკვლელობა, ყაჩაღობა, აქ ჩვენ გვაქვს ან იგივე მონაცემები, ან კლება. გვაქვს ზრდა ლატენტურ და სტიგმატიზებულ დანაშაულში, თუმცა, ეს არის გამოწვეული აღრიცხვიანობით და რა თქმა უნდა, იმ კომპონენტით, რომელიც ყველამ ერთად ჩავატარეთ, რათა აგვემაღლებინა ჩვენი მოსახლეობის შეგნება და დამოკიდებულება ასეთი დანაშაულის მიმართ.
დღეის მდგომარეობით, რეალური გამოწვევა არის ისეთი დანაშაული, როგორიც არის, მაგალითად, ქურდობა. ქვეყანაში ჩადენილი დანაშაულების 44% არის საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. აქედან 70%-ზე მეტი ეს არის ქურდობა, ყოველი მესამე დანაშაული ეს არის ქურდობა. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვთქვათ ერთი რამ, სისხლის სამართლის პოლიტიკაში შესატანი ცვლილებები, რა თქმა უნდა, მომწიფდა, მაგრამ ეს ცვლილებები უნდა იყოს დაფუძნებული რეალურ, ობიექტურ სტატისტიკაზე, ამ სტატისტიკური მონაცემების ღრმა ანალიზსა და ერთობლივ მუშაობაზე, რათა ეს ნაბიჯი არ იყოს რადიკალური, ეს უნდა იყოს ეფექტურ შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯი,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.