საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გერმანელ ჟურნალისტთა დელეგაცია ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ წამყვანი გერმანული ტელევიზიებისა და პრესის ჟურნალისტები. სტუმრებს შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა უმასპინძლა.
შეხვედრაზე შს მინისტრის მოადგილემ გერმანელ ჟურნალისტებს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის საქმიანობის შესახებ ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინა. შალვა ხუციშვილმა უწყებაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, დაგეგმილ პროექტებზე და პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმატებულ საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობას და ამ კუთხით მიღწეულ შედეგებს. როგორც შს მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, უახლოეს მომავალში ხელი მოეწერება შეთანხმებას საქართველოს შსს-სა და ევროპის პოლიციის სამსახურს (EUROPOL) შორის, რაც დანაშაულის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, პარტნიორ ქვეყნებთან საპოლიციო თანამშრომლობას კიდევ უფრო ნაყოფიერს გახდის.
შალვა ხუციშვილმა გერმანელი ჟურნალისტების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხა.
სტუმრებმა ქართველი სამართალდამცველების მუშაობა დადებითად შეაფასეს. მათ განსაკუთრებული კმაყოფილება გამოთქვეს საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში შს სამინისტროს თანამშრომლების ეფექტურ მუშაობასთან დაკავშირებით.
შეხვედრის დასასრულს, უცხოელმა სტუმრებმა ქართველი სამართალდამცველების ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს.