შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა პირველ სამმართველოს წეროვანის საჯარო სკოლის უფროსკლასელები ეწვივნენ.
მოზარდები გაეცნენ წვევამდელთა თეორიული, სამწყობრო მეცადინეობის და პრაქტიკული წვრთნების პროცესს: ბარიერების გადალახვას, კედელზე დაშვებას, საბრძოლო ილეთებს და ტირში სროლას. განსაკუთრებულ დავალებათა პირველი სამმართველოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეთა დღის განრიგი გააცნეს, მათი საცხოვრებელი შენობები, სასწავლო ოთახები, სავარჯიშო დარბაზი, ბიბლიოთეკა და საწვრთნელი მოედანი დაათვალიერებინეს. მოზარდებისთვის სამმართველოს ბაზაზე არსებული აღჭურვილობის, ჯავშანტექნიკისა და სხვადასხვა სახეობის იარაღის გამოფენა მოეწყო. შეხვედრა ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსწავლეების შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიას, რომლის მიზანია მოზარდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება. ამ მასშტაბურ ღონისძიებაში მონაწილეობენ როგორც დედაქალაქის, ასევე რეგიონების საჯარო სკოლების მოსწავლეები.