შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სოციალური კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში მიმდინარე ფოტოკონკურსი დასრულდა.
გამარჯვებული ფოტოების გამოსავლენად, შს მინისტრის ბრძანებით, სპეციალური ჟიური შეიქმნა. ჟიურის შემადგენლობაში ცნობილი ფოტოხელოვანები, შსს-სა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგელები შედიოდნენ.
ჟიური წევრებმა 90-მდე ნამუშევარი შეაფასეს და მათ შორის სამი საუკეთესო, კონფიდენციალური შერჩევის გზით გამოავლინეს. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ.
ფოტოკონკურსის - „დავიცვათ საგზაო მოძრაობის წესები ერთმანეთის გულისთვის“ მიზანი იყო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამას და სოციალურ კამპანიას - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ 2015 წლიდან აქტიურად ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, საზოგადოების ჩართულობით, სხვადასხვა ღონისძიება იმართება, ასევე, ტარდება ინტერაქტიულ-შემეცნებითი გაკვეთილები სკოლის მოსწავლეებისთვის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე.