ევროკომისიამ საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ევროკავშირის სააგენტოებთან Europol, CEPOL და Frontex-თან თანამშრომლობის გაღრმავება. ასევე, საუბარია უვიზო მიმოსვლის წარმატებულად გაგრძელების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე, როგორიცაა რეადმისიის კუთხით წარმატებული თანამშრომლობა, 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილება, რომლის შესაბამისად უვიზოდ მოგზაურობისთვის აუცილებელი დოკუმენტაცია და პირობები დამატებით საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზეც მოწმდება.
დამატებით, ანგარიშში შეფასებულია შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმები, მათ შორის საპოლიციო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნა, თანამედროვე საპოლიციო მეთოდების - საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობისა და ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის დანერგვა, ორგანიზებული და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და საერთაშორისო სამართალდაცვითი თანამშრომლობის გაძლიერება.
ევროკომისიის მიერ ასევე, აღნიშნულია სამოქალაქო დაცვის საკითხებზე ევროკავშირის შესაბამის მექანიზმთან (UCPM) თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით გატარებული ღონისძიებები.
ევროკომისიისთვის, ისევე როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის 2021 წელს პრიორიტეტულია საქართველოს კანონში „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ განხორციელებული ცვლილების ეფექტიანი განხორციელება.