შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ეწვივნენ.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის დირექტორი, გიორგი არსოშვილი ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამოქალაქო გვარდიის გენერალურ დირექტორს, მარია გამეს გამესს შეხვდა და საქართველოში გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში არსებული ვითარება გააცნო.
სტუმრებმა ქოლ-ცენტრი დაათვალიერეს და ოპერატორებისა და დისპეტჩერების მუშაობის პროცესს დაესწრნენ. მათ, ასევე, დეტალური ინფორმაცია მიიღეს ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მართვისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ.
ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ელექტრონული მონიტორინგის ცენტრის მუშაობასაც გაეცნენ, კერძოდ, თუ როგორ ხდება ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით "112"-ის მიერ მოძალადის ვირტუალური მონიტორინგი.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასაც ეწვივნენ.
აკადემიის პრორექტორი, ირინა აბრამიშვილი ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სამოქალაქო გვარდიის გენერალურ დირექტორს, მარია გამეს გამესს შეხვდა და სასწავლო დაწესებულების ისტორია, საქმიანობა და მიმდინარე პროექტები გააცნო.
სტუმრებმა დაათვალიერეს აკადემიის კომპიუტერული საგამოცდო ცენტრი, სიმულაციური სწავლების ცენტრი, იმიტირებული სასაზღვრო-გამტარი პუნქტი, სპორტული დარბაზები, სასტუმრო და ტაქტიკური მომზადების პუნქტები.
ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მოინახულეს აკადემიის ახალი, 50-მეტრიანი, დახურული სასროლეთი, სადაც შესაძლებელია ავტომობილით შესვლა და მისი საფარად გამოყენებით ცეცხლის გახსნა და აღჭურვილია სამიზნეების ავტომატური გადაადგილების ფუნქციით, შესაბამისი განათებისა და უსაფრთხოების სისტემებით. როგორც აკადემიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, სასროლეთმა, თავისი მასშტაბებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მომავალი პოლიციელების საცეცხლე და ტაქტიკურ მომზადება უფრო ეფექტიანი გახადა და აკადემიის მსმენელებს როგორც პისტოლეტით, ასევე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის სრულყოფილად შესწავლის საშუალებას აძლევს.
სტუმრებმა, ასევე, დაათვალიერეს პრაქტიკული მეცადინეობისთვის განსაზღვრული იმიტირებული საცხოვრებელი სივრცე - ე.წ. „შუთჰაუსი“, რომელიც რამდენიმე ოთახისგან შედგება, სადაც აკადემიის მსმენელებს თეორიული სწავლების შემდეგ, სიმულაციური იარაღის გამოყენებით, პრაქტიკული მეცადინეობა უტარდებათ.
ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, ასევე, მოინახულეს ფიზიკური მომზადების სივრცე - ე.წ. CROSS FIT-ის სივრცე, სადაც აკადემიის მსმენელებს სწავლებები უტარდებათ და სხვადასხვა ინტენსიური დატვირთვის მეშვეობით საკუთარ ფიზიკურ უნარებს აუმჯობესებენ.