ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2016 წელს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული ტერორისტული საფრთხეებისა და მათ წინააღმდეგ ქმედებების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო, როგორც „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის დიდი ხნის წევრი, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, კონტრტერორიზმთან დაკავშირებულ საკითხებში ინტენსიურად იყო ჩართული და გლობალურ უსაფრთხოებაში ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად დარჩა.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველომ მთლიანად გააუმჯობესა თავისი საზღვრის უსაფრთხოება, ნაწილობრივ, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის მიზნის მისაღწევად. თუმცა, დოკუმენტის მიხედვით, მიუხედავად ამისა, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე საქართველოს კონტროლის არარსებობა, რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების არქონა და ქვეყნის რთული რელიეფი ზღუდავს მის შესაძლებლობას, დაიცვას საზღვრები.
ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს სამართალდამცავი უწყებები იყენებენ კამერებს, ტერორისტების დაკვირვების სიებს და მგზავრთა მონაცემების წინაწარ ჩანაწერებს იმისათვის, რომ გამოვლენილ იქნას ტერორისტების პოტენციური გადაადგილება გამშვებ პუნქტებში; ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის რეკომენდაციით, გამშვებ პუნქტებში უფრო სრულყოფილი ბიომეტრული და ბიოგრაფიული შემოწმება და საეჭვო პირების მიმართ მოპყრობასთან დაკავშირებული სტანდარტული ოპერატიული პროცედურების იმპლემენტაცია გააძლიერებდა ამ შესაძლებლობებს.
დოკუმენტის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, საქართველოს სანაპირო დაცვა უკეთესად არის აღჭურვილი, რათა განახორციელოს პატრულირება ქვეყნის საზღვაო საზღვრებზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის სანაპირო ხაზის გარდა.
ანგარიშში დადებითად არის შეფასებული საქართველოს მიერ ტრანსსასაზღვრო ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის სამხრეთის მეზობლებისთვის (სომხეთი, აზერბაიჯანი და თურქეთი) გაზიარება პოლიციის ატაშეების მეშვეობით, ასევე, სასაზღვრო გამტარ პუნქტებთან სამუშაო დონის ურთიერთქმედებით.