26 დეკემბერს, 13:00 სთ-ზე, თბილისში (პეკინის გამზირი N 46), პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე პოლიციის ახალ ადმინისტრაციულ შენობას საზეიმოდ გახსნიან. ღონისძიებას ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია, მთავრობის წევრები, მთავარი პროკურორი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ოთხსართულიანი თანამედროვე შენობა კონკურსში გამარჯვებული პროექტის (ავტორი: არქიტექტორი - ნიკოლოზ წულაია) მიხედვით 6 თვეში აშენდა. პოლიციის ახალი შენობა უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით არის აღჭურვილი. შენობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე სამსახურის: ქალაქ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს, სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფები განთავსდება. აღნიშნული სამსახურები დღემდე სხვადასხვა შენობაში იყო განლაგებული. მათი ერთ ადმინისტრაციულ შენობაში განთავსება კიდევ უფრო მეტად გააუმჯობესებს კოორდინირებულ, ოპერატიულ და ეფექტურ საქმიანობას - მოქალაქეებისთვის კი ბევრად კომფორტული იქნება.
ახალ ადმინისტრაციულ შენობას შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის გათვალისწინებული სპეციალური პანდუსები აქვს.