1 ივლისს, 14:30-ზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე კინოლოგიურ პროექტს (K9) გახსნის. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან საქართველოში აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი, ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველი მოადგილე ქეროლ პერეზი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.
პროექტი მიზნად ისახავს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განვითარების მოკლევადიანი სტრატეგიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადენს. კინოლოგიური პროექტი აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს დაფინანსებით 2013 წლიდან ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლებისგან შეიქმნა ოპერატიული დანაყოფი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენის საკითხებზე სამომსახურეო ძაღლებთან ერთად მუშაობს.