შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ 7 ივლისს აჭარაში საზღვაო სეზონი ოფიციალურად გახსნა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა დამსწრე საზოგადოებასა სეზონის გახსნა მიულოცა და მაშველებს საზეიმო ვითარებაში საჭირო აღჭურვილობა გადასცა.
საზღვაო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, წყალზე სამაშველო ოპერაციის სიმულაციური ჩვენება მოეწყო.
სააგენტო საზღვაო სეზონს შესაბამისი ტექნიკითა და აღჭურვილობით მომზადებული შეხვდა. სარფიდან ჩოლოქის ჩათვლით შეკეთდა, როგორც ხის, ასევე, რკინის სამაშველო კოშკურები. ყოველი საგუშაგო აღჭურვილია პირველადი სამედიცინო დახმარების აფთიაქით.
წელს პირველად სეზონურ მაშველებს დაურიგდათ ხელოვნური სუნთქვის აპარატი, რომლის საშუალებითაც მაშველები უფრო ეფექტურად შეძლებენ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას. სანაპიროზე დამონტაჟდა საინფორმაციო აბრები (როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე), რომლის საშუალებითაც მოხდება ცურვისათვის სარისკო ადგილების შესახებ დამსვენებელთა გაფრთხილება. სეზონურმა მაშველებმა პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგიც გაიარეს.
სათანადოდ აღჭურვილი პროფესიონალი მაშველები წყალზე სამაშველო ოპერაციების დროს რეაგირების ხარისხის გაუმჯობესებას შეძლებენ.
ღონისძიების დასასრულს, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა და აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ მყვინთავებს პროფესიული გადამზადების დამადასტურებელი სერთიფიკატები გადასცეს. სეზონურ მაშველებს კი სპეციალურ სერტიფიკატებთან ერთად სრული სამაშველო ტექნიკა და აღჭურვილობა გადაეცათ.