თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის წინ, პოლიციის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრები, პარლამენტარები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დაესწრნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების საზეიმო მსვლელობის შემდეგ, მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
"იყო პოლიციელი - მოითხოვს დიდ ფიზიკურ და სულიერ სიძლიერეს, სამართლიანობას, სიმამაცეს, ოპერატიულობას.
ურთულესია, სახლიდან გასულმა არ იცოდე, შინ დაბრუნდები თუ არა, თუმცა ეს თქვენი გააზრებული არჩევანია და გისურვებთ, რომ ყველას ღირსეულად გეტარებინოთ პოლიციელის მუნდირი და რაც მთავარია, სამუშაო დღის შემდეგ საკუთარ ოჯახებს მშვიდობით დაბრუნებოდეთ.
ყოველდღიურად იბრძოლო კანონის აღსრულებისთვის, ადამიანების სიცოცხლის, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დასაცავად - დიდ სიმამაცეს მოითხოვს, თუმცა, ემსახურო შენი ქვეყნის მოქალაქეებს, პასუხისმგებლობასთან ერთად, გამორჩეული საზოგადოებრივი როლია.
პირადად ჩემთვის და პოლიციისთვის, დღეს, ისე როგორც არასდროს, უმნიშვნელოვანესია ადამიანის სიცოცხლე და მისი ხელშეუხებლობა. პოლიციელის ყოველდღიურ საქმიანობაში კრიმინალთან და დანაშაულთან ბრძოლის დროს ხშირია მომენტი, როდესაც ჩვენ გადაწყვეტილებას ვიღებთ მყისიერად, თუმცა ადამიანის სიცოცხლის დაცვა ამ გადაწყვეტილებების დროს ჩვენი საქმიანობის მთავარი პრინციპია.
პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ჩვენ ერთი წუთით არ შევფერხებულვართ კრიმინალთან უკომპრომისო ბრძოლაში. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სამინისტროს ყველა დეპარტამენტი ეფექტიანად მოქმედებდა და ვფიქრობ, რომ თითოეული თქვენგანი და, რაც მთავარია, საზოგადოება დამეთანხმება ამაში.
ერთდროულად ვზრუნავთ ქვეყანაში წესრიგსა და უსაფრთხოებაზე, ვიცავთ და ვაკონტროლებთ საზღვრებს, ვებრძვით კრიმინალს, ვიცავთ ადამიანის უფლებებს, ვებრძვით ხანძრებსა და სტიქიებს, ვზრუნავთ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე.
გპირდებით, რომ ყოველთვის ვიქნები თქვენი პატივისა და ღირსების დამცველი, თუმცა, ამავდროულად, მომთხოვნი და ობიექტური.
და ბოლოს, მინდა გულწრფელად გითხრათ - ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, რომ ვარ ამ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი და თქვენთან ერთად ვემსახურები საქართველოს!" - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას და მათ სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
შინაგან საქმეთა მინისტრის შემდეგ, პოლიციელებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინიტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და მათ მადლობა გადაუხადა ქვეყნისთვის გაწეული თავდაუზოგავი სამსახურისთვის.
"ჩემთვის დიდი პატივი იყო, ძვირფასო მეგობრებო, თქვენი მინისტრობა, თქვენთან ერთად მუშაობა და თქვენთან ერთად ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის მსახურება. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი, ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი პერიოდი ჩემს პოლიტიკურ საქმიანობაში. მე ყველზე კარგად გავიგე იმ დროს, თუ რას ნიშნავს, იყო პოლიციელი. მე ძალიან კარგად ვიცი, თუ რაოდენ მძიმე არის თქვენი შრომა, თქვენი 24-საათიანი სამსახური ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის წინაშე. ამისთვის ჩვენ მადლობას გეუბნებით თქვენ. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის დამცველები. თქვენ უზრუნველყოფთ ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოებას, ჩვენი ხალხის, თითოეული მოქალაქის მშვიდ ძილს, კანონის უზენაესობას, საზოგადოებრივ წესრიგს.
სამწუხაროდ, ბევრი თქვენი კოლეგა შეეწირა ამ გმირულ საქმიანობას. ქედს ვიხრი იმ გმირი პოლიციელების ხსოვნის წინაშე, ვინც ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე შესწირა ჩვენს ქვეყანას და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ღირსეულად თავი გასწირა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხისთვის. მინდა, მადლობა ვუთხრა მათ ოჯახებს, მშობლებს, მეუღლეებს, შვილებს და მინდა ვუთხრა მათ, რომ სახელმწიფო თქვენ გვერდით დგას. ვიცი რა თქვენი საქმიანობის სიმძიმე, მინდა, გითხრათ, რომ არაფერია იმაზე ძვირფასი, იმაზე მეტად საპატიო, ვიდრე საკუთარი სამშობლოს და საკუთარი ხალხის მსახურება.
სამწუხაროდ, გარკვეული ანტისახელმწიფოებრივი ძალები მუდმივად ცდილობენ პოლიციისა და პოლიციელების საქმიანობის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, რაც არის ყოვლად დაუშვებელი. სახელმწიფო იქნება უკომპრომისო ყოველი ასეთი მცდელობის მიმართ და ჩვენ არ დავუშვებთ ჩვენი ღირსეული პოლიციელების დისკრედიტაციას. ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ თქვენთვის, თქვენი სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად, თქვენი სოციალური გარანტიების უზრუნველსაყოფად. დღეს პოლიცია არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება. დღეს ჩვენ გვყავს ძლიერი, გამართული, პროფესიონალი პოლიცია. ამისთვის კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. ჩვენ ვამაყობთ თქვენით. თქვენ გყავთ ღირსეული შინაგან საქმეთა მინისტრი. მინდა, მადლობა ვუთხრა ვახტანგ გომელაურს. თითოეულ პოლიციელს კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და გისურვებთ წარმატებას. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
პოლიციელებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
„მივესალმები ყველა პოლიციელს, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში გვიცავენ და იცავენ ქვეყნის უსაფრთხოებას, იცავენ სიმშვიდეს, იცავენ ჩვენს მოქალაქეებს, ძალიან დიდი მადლობა. მინდა, ყველას მოგილოცოთ დღევანდელი პროფესიული დღე. თქვენთან ერთად, დღევანდელ დღეს ვულოცავ ვეტერან პოლიციელებს, ყველას, ვისაც სახელმწიფოს სტაბილურობის დაცვაში წვლილი მიგიძღვით. ამ დღეს, მსურს, პატივი მივაგო მათ, ვინც სიცოცხლე ან ჯანმრთელობა არ დაიშურა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის. დემოკრატიული, ძლიერი და თავისუფალი სახელმწიფო მხოლოდ მაშინ არის შემდგარი, როცა ქვეყანაში უზრუნველყოფილია მოქალაქეების უსაფრთხოება, დაცულია მათი უფლებები. საქართველოს მიზანი სწორედ ასეთ, დემოკრატიულ, ევროპულ და სტაბილურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაა. ამ მიზნის მიღწევაში ქართული პოლიციის როლი უდიდესია.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წელი გავიდა. ქართულ პოლიციაზე, როგორც სახელმწიფოს ერთ-ერთ მთავარ საყრდენ ინსტიტუტზე, სრულად აირეკლა 3 ათეული წლის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენები, სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევები და საზოგადოების მოთხოვნები. ქართულ სახელმწიფოსა და საზოგადოებასთან ერთად, ქართული პოლიციაც დაადგა ევროპისკენ მიმავალ გზას. ძირეული და მასშტაბური რეფორმებისა და თითოეული პოლიციელის დაუღალავი შრომის შედეგად, იგი თანამედროვე და დემოკრატიული სტანდარტების მქონე პოლიციად ჩამოყალიბდა.
დღეს საქართველოს ჰყავს საერთაშორისო სტანდარტების ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი პოლიცია, სადაც მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალები მუშაობენ. სწორედ ამან განაპირობა საქართველოსა და ევროპოლს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება. ამით ევროპის პოლიციის სამსახურმა აღიარა ქართული პოლიციის სანდოობა და მნიშვნელობა საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სფეროში. ევროპოლთან სტრატეგიული თანამშრომლობა ნიშნავს ქართული პოლიციის სრულფასოვან ჩართულობას ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში. ეს ნიშნავს ქართული პოლიციისა და შესაბამისად, საქართველოს მზაობას, ეფექტიანად ებრძოლოს საერთაშორისო დანაშაულს და ამით წვლილი შეიტანოს რეგიონის, ევროპისა და გლობალური უსაფრთხოების გაძლიერებაში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
ღონისძიებაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ პოლიციელთა ხსოვნას.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა - ვახტანგ გომელაურმა წარმატებული პოლიციელები დააჯილდოვეს.
პოლიციელის დღის საზეიმო ღონისძიების დასასრულს, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ოცმა კურსანტმა პოლიციელის ფიცი დადო.