შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის დღე აღნიშნა. საზეიმო ღონისძიებას, რომელიც თბილისში, სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის წინ გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობის წევრები, დეპუტატები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები დაესწრნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის საზეიმო მსვლელობის შემდეგ, მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა და მათ სიტყვით მიმართა.
"ცოტა ხნის წინ, ჩვენ, ყველამ აღვნიშნეთ საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღე. დღეს, 26 მაისიდან რამდენიმე დღეში, ქართული პოლიციის და პოლიციელთა პროფესიულ დღეს აღვნიშნავთ. დღევანდელი დღე არის სიმბოლური ხაზგასმა, რომ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობა, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა სწორედ იდგა და დგას თითოეული თქვენგანის თავგანწირულ შრომაზე.
საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებზე ზრუნვა, მათი უსაფრთხოების დაცვა - პოლიციელის პროფესიული ვალია, თუმცა, გვაქვს შემთხვევები, როდესაც პოლიციელის პროფესიული მოვალეობის შესრულებას ჩვენი კოლეგების სიცოცხლე ეწირება. ყველამ ერთად პატივი მივაგოთ საქართველოს ერთიანობისთვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ქართველი პოლიციელების ხსოვნას.
მთელი ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორია არის ბრძოლა მშვიდობისა და დამოუკიდებლობისთვის. უახლეს ისტორიაში, ამ ბრძოლის წინა ხაზზე კი ყოველთვის დგას ჩვენი პოლიცია.
დღეს აქ საქართველოს პოლიცია წარმოდგენილია მხოლოდ რამდენიმე ასეული პოლიციელით, თქვენ უკან ათასობით თქვენი კოლეგა დგას. ისინი ამ წუთებშიც განაგრძობენ ჩვენი მოქალაქეების დაცვას, ებრძვიან დანაშაულს, აკონტროლებენ საზღვრებს, ებრძვიან ხანძრებს და ზრუნავენ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე.
პოლიციელებო, მინდა, საქართველოს ერთგული სამსახურისთვის ყველას დიდი მადლობა გითხრათ. ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და პატივია, რომ კიდევ ერთხელ, თქვენთან ერთად აღვნიშნავ პოლიციელის დღეს.
თითოეულ აქ მყოფ პოლიციელს და ჩვენი ქვეყნის ყველა პოლიციელს მადლობა ქვეყანაში წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვისთვის. მადლობას გიხდით ღირსეული, მაღალპროფესიული და თავდაუზოგავი შრომისთვის.
ვისაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჩაგვიცვამს პოლიციელის ფორმა, გვიტარებია პოლიციელის მუნდირი, კარგად ვიცით, რას ნიშნავს პოლიციელის პროფესია. ვიცით, რა სირთულეები ახლავს თან დანაშაულთან ბრძოლას, ვიცით, რა საამაყოა, ემსახურო მოქალაქეებს და ვიცით ფასი ადამიანის სხვადასხვა ფუნდამენტური უფლების დაცვის. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვა, მოსახლეობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, კრიმინალთან ბრძოლა არის თითოეული ჩვენგანის ყველაზე საპასუხისმგებლო საზოგადოებრივი როლი.
დღეს ჩვენ გვყავს სამართლიანობასა და ადამიანის ინტერესებზე ორიენტირებული პოლიცია. პოლიციისთვის, ბოლო წლებში, ისე, როგორც არასდროს, უმნიშვნელოვანესია ადამიანის სიცოცხლე და მისი ხელშეუხებლობა. ეს არის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მონაპოვარი და ეს მონაპოვარი ეკუთვნის საზოგადოების თითოეულ წევრს. თუმცა, დღეს ჩვენ, დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფოს ფუნდამენტზე აგებული ქვეყნის პოლიცია, ასევე, მთლიანად ჩვენი საზოგადოება ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე ვართ. მთავარი გამოწვევა ერთმანეთის პატივისცემა, სოლიდარობა, შრომის დაფასება, სამართლიანი კრიტიკა და ამ პრინციპების დაცვით ქვეყნის ერთიანობის, სტაბილური განვითარების და ღირსეული მომავლის უზრუნველყოფაა.
ჩვენი პროფესიული სირთულეების გამო, ხშირად მათთვის არ გვყოფნის დრო, ვინც ყველაზე მეტად გვიყვარს - ჩვენი ოჯახებისა და შვილებისთვის. მადლობა თითოეულ მათგანს, პროფესიულ გზაზე პოლიციელთა მხარდაჭერისთვის, გულშემატკივრობისა და თმენის სიმტკიცისთვის. პოლიციელის პროფესიის და ფიცის ერთგულება, სამშობლოსა და თანამოქალაქეებისთვის სიცოცხლის გაწირვა, საკუთარ ინტერესებზე უარის თქმა - ეს არის ჩვენი არჩევანი. ჩვენ უკან, ოჯახებში მომლოდინე ადამიანებს კი გისურვებთ, ყოველთვის გეამაყოთ თქვენი ოჯახის წევრი პოლიციელებით და ყოველი სამუშაო დღის შემდეგ უვნებლად, მშვიდობით დაგბრუნებოდეთ საყვარელი ადამიანები.
რა თქმა უნდა, თავის მხრივ, თითოეულ ხელმძღვანელ პირს, სახელმწიფოს მეთაურებს, კარგად ესმით, რა მნიშვნელობა აქვს პოლიციელთათვის ღირსეული სამუშაო პირობების უზრუნველყოფას.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მთავრობასთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ საპოლიციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პოლიციელებისთვის ევროპული სტანდარტის სამუშაო პირობების შექმნაზე. ასევე, აქტიურ მუშაობას განვაგრძობთ სამინისტროს თითოეული თანამშრომლისთვის ღირსეული სოციალური გარანტიების უზრუნველყოფაზე.
ჩვენ გააზრებული გვაქვს და ძალიან კარგად გვესმის, რომ ევროპული სტანდარტიზაცია არ უნდა მოიცავდეს მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ევროპული პრინციპების დაცვა და განვითარების ძალა ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობაა. ქართულმა პოლიციამ და შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმებმა, წარმატებულმა პროექტებმა ევროკავშირთან ინტეგრაციისა და უვიზო მიმოსვლის განხორციელების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმატებით განაგრძობს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიზნით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. ღონისძიებას ესწრებიან და სხვადასხვა ქვეყნიდან თვალს ადევნებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. თქვენ წლების განმავლობაში ხელს უწყობთ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს და ქართული პოლიციის სახელით, მადლობას გიხდით ჩვენი მხარდაჭერისთვის, აღმოჩენილი უმნიშვნელოვანესი დახმარებისა და ღირსეული პარტნიორობისთვის. ჩვენო პოლიციელებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ პოლიციელის დღეს და როგორც დემოკრატიული, დასავლური ღირებულებების ერთგული სახელმწიფო ინსტიტუტის წარმომადგენლებს, გისურვებთ, ღირსეულად შეგესრულებინოთ ჩვენი პროფესიული ფიცი - იყავით ერთგულები და ღირსეულები, დაიცავით საქართველოს კონსტიტუცია და კანონები.
ერთად დავიცვათ ჩვენი სამშობლო - საქართველო და ვემსახუროთ საზოგადოებას. ღმერთი ფარავდეს საქართველოს და ქართულ პოლიციას!" - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის შემდეგ, პოლიციელებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.
"ჩემო ძვირფასო პოლიციელებო, ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვამაყობთ ქართული პოლიციით. გვეიმედება შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებული თითოეული ადამიანი. კიდევ ერთხელ მადლობა სამსახურისთვის! ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენ შევძელით პოლიციის ტრანსფორმაცია. ქართული პოლიცია აღარ არის პოლიტიზებული, პოლიცია თანაბრად იცავს ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქეს. აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციისადმი დაუმსახურებელი, შეურაცხმყოფელი გამოთქმები, რასაც სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები ხშირად იმეორებენ. რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს შეგუებული და არავითარი კომპრომისი ჩვენ არ უნდა დავუშვათ. ასეთი არცერთი ფაქტი არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე. პოლიციელი უნდა იყოს ხელშეუხებელი. რა თქმა უნდა, არ მაქვს საუბარი ცალკეულ გადაცდომებზე, რომელზეც სამინისტრო შესაბამისად რეაგირებს, მაგრამ მიუღებელია და კატეგორიულად ვგმობ ნებისმიერ მცდელობას, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ თქვენს საამაყო საქმიანობას, თქვენს პროფესიას, ამიტომ თითოეული ასეთი ქმედება იქნება დასჯილი და ჩვენ არცერთ კომპრომისს არ დავუშვებთ.
ჩემი დიდი სურვილია, ახალგაზრდები პროფესიის არჩევისას სიხარულით ეწერებოდნენ პოლიციელთა რიგებში. მე მინდა, მოქმედმა და მომავალმა პოლიციელებმაც იცოდნენ, რომ სახელმწიფო ზრუნავს მათზე და ყოველთვის ეცდება, პოლიციელი ჰყავდეს დაფასებული. ძვირფასო მეგობრებო, როდესაც ამ რთულ პროფესიას ეჭიდება ადამიანი, მას უნდა ჰქონდეს მოტივაცია, ის უნდა გრძნობდეს სახელმწიფოს მხარდაჭერას. ჩემი დიდი სურვილი იყო და ბატონ ვახტანგ გომელაურთან ერთად ცოტა ხნის წინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩვენი გმირი პოლიციელებისთვის ავაშენოთ პოლიციის ათასბინიანი ქალაქი თბილისში. ეს იქნება პირველი ეტაპი და რა თქმა უნდა, გაგრძელდება. პროექტი წელსვე დაიწყება და ჩვენ კიდევ შევძლებთ ბევრი პოლიციელის ოჯახი გავახაროთ. ჩვენი ვალია, სათანადოდ დავაფასოთ ყველა ის ადამიანი, ვინც ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის იბრძვის და თავს წირავს, თავის ყველაზე ძვირფასს - სიცოცხლეს აგდებს საფრთხეში. ქვეყანაში, რომელიც ვითარდება, რომელშიც შენდება ახალ-ახალი საცხოვრებელი უბნები, სადაც ყოველწლიურად იზრდება უცხოელ ტურისტთა ნაკადი, ჩნდება ახალი საპოლიციო შენობების აშენების საჭიროებაც. ჩვენ უკვე განვაცხადეთ და კიდევ გავიმეორებ, რომ საპოლიციო ინფრასტრუქტურა საქართველოს ყველა დიდ ქალაქსა თუ რაიონში უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტებით აშენებული, აღჭურვილი და მოწყობილი. ახალი საპოლიციო ინფრასტრუქტურის აშენებისთვის ბიუჯეტი დაახლოებით 300 მლნ ლარს შეადგენს; აქვე განვმარტავ, რომ სამშენებლო პროცესი არ შეეხება მხოლოდ პოლიციის დანაყოფებს, ეს მშენებლობები იგეგმება შინაგან საქმეთა სამინისტროს თითქმის ყველა დანაყოფში, მთელი ქვეყნის მასშტაბით. გვაქვს გეგმაში, რომ ეს პროცესი სამ წელიწადში დასრულდეს.
ჩემო ძვირფასო პოლიციელებო, მეგობრებო, ჩვენი ხალხის, მთავრობის და პირადად ჩემი სახელით კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას სამშობლოს ერთგული, თავდადებული მსახურებისთვის, თქვენი პროფესიონალიზმისა და გმირობისთვის. მადლობას ვუხდი თქვენს მშობლებს, მეუღლეებს, შვილებს, ოჯახის წევრებს, ვისი თანადგომითაც თქვენთვის ასე ძვირფასია თქვენი საქმიანობა. გილოცავთ პოლიციელის დღეს," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა და სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც.
„მინდა ყველას მოგილოცოთ პირადად თქვენი პროფესიის დღე, თქვენი პროფესიონალიზმის დღე. 31 წლის განმავლობაში ქართულმა პოლიციამ შეძლო და გარდაქმნა ის საბჭოთა ძველი ინსტიტუტი, რომელიც აღარ არსებობს. დღეს არსებობს თანამედროვე, დემოკრატიული ქვეყნის თანამედროვე პოლიციური ძალა, პროფესიონალური ძალა, რომელიც მოქალაქეებისგან ნდობას იწვევს.
თქვენზე დგას ქვეყნის წესრიგი, თქვენზე დგას მოქალაქეების უსაფრთხოება, თქვენზე დგას ნამდვილად ქვეყნის შინაგანი სტაბილურობა და ეს იმ დროს, როცა მსოფლიოში უფრო მეტი და მეტი გამოწვევებია. ჩვენ გავიარეთ ძალიან რთული პერიოდები. გავიარეთ კოვიდის პანდემია, ქვეყანაში ყველა გამოწვევების წინაშე თქვენ, პირველ რიგში დგახართ. თქვენი მოვალეობა და ვალდებულება არის იმის ქვაკუთხედი, რომ შენარჩუნდეს ქვეყანაში უსაფრთხოება, სტაბილურობა, მშვიდობა. ეს არის ქვეყანა, სახელმწიფო, თუ ეს არაა, მაშინ სახელმწიფო ვერ იარსებებდა. ამისთვის თქვენც ყველას დიდი მადლობა. მადლობა იმისთვის, რომ თქვენ დაუღალავად ამ თქვენს პროფესიას ყველაფერი შესწირეთ და სწირავთ. ეს არის ქვეყნისთვის უდიდესი სამსახური. თქვენზე დგას მოქალაქეების უფლებების დაცვა და ადამიანის უფლებების დაცვის გარეშე არ არსებობს თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო.
თქვენზე დგას ასევე ყველა იმ უსაფრთხოების გაძლიერება, კიბერუსაფრთხოება, ორგანიზებული დანაშაული თუ სხვა გამოწვევები, რაც დღეს მსოფლიოში ესოდენ გავრცელებულია.
თქვენი პროფესიონალიზმი უკვე აღიარებულია ყველა ჩვენი პარტნიორის მიერ. თქვენი თანამშრომლობა ევროპოლთან არის ამის ერთ-ერთი მაგალითი. ჩვენი პოლიციის ატაშეები სხვადასხვა ქვეყნებში ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ასრულებენ, იქ რომ წარმოადგინონ ჩვენი პოლიციის პროფესიონალიზმი. მინდა ამისთვისაც მადლობა მოგახსენოთ,“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
ღონისძიებაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ პოლიციელთა ხსოვნას.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა წარმატებული პოლიციელები სამინისტროს სხვადასხვა სახის მედლებით დააჯილდოვა.
პოლიციელთა დაჯილდოების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის კურსანტებმა პოლიციელის ფიცი დადეს.
ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასასრულს, მომღერალმა ოთო ნემსაძემ და ანსამბლმა „ქართულმა ხმებმა“ შეასრულეს სპეციალურად "პოლიციელის დღე 2022"-ისთვის დაწერილი სიმღერა - „ვემსახურები საქართველოს!“