როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით (სასამართლოს უპატივცემულობა). აღნიშნული დანაშაულისთვის ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო, იმ მიზნით, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენა და უზრუნველყოფილიყო სამართალდამცავ ორგანოში/სასამართლოში მისი გამოცხადება.
სასამართლოს უპატივცემულობის შემდეგ, გირაოს ქვეშ მყოფმა ზვიად კუპრავამ, ასევე სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატს. აღნიშნული ქმედებისთვის ზვიად კუპრავას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ვინაიდან მან თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას.
გირაოს პირობების დარღვევის - ახალი დანაშაულის შესაძლო ჩადენის, სამართალდამცავ ორგანოში არგამოცხადების, მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების - გამო, სასამართლოს გადაწყვეტიებით მიმდინარე წლის 21 თებერვალს ზვიად კუპრავას გირაო შეეცვალა აღკვეთის უფრო მკაცრი ღონისძიებით - პატიმრობით. აღსანიშნავია, რომ სასამართლო სხდომა ჩატარდა ზვიად კუპრავას გარეშე, ვინაიდან ბრალდებულმა თავი აარიდა მართლმსაჯულებასაც.
2019 წლის 24 თებერვალს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით განხორციელდა ზვიად კუპრავას დაკავება. დაკავების პროცესი აღბეჭდილია პოლიციის სამხრე კამერებით.