შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი რიჰარდ კაზლოვსკი ესტუმრა. მინისტრმა ცენტრი დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო მუშაობის სპეციფიკას.
„112“-ის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს პრეზენტაციის სახით გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებები და სამომავლო გეგმები გააცნეს, მათ შორის, „112“-თან მოკლე ტექსტური შეტყობინებით დაკავშირების საშუალება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის.
სტუმრები „112“-ში არსებული ინტეგრირებული მართვის მოდელით დაინტერესდნენ, სადაც საგანგებო სამსახურების კოორდინირებული მუშაობა ერთიანი ცენტრიდან ხორციელდება.
ვიზიტის დასასრულს, „112“-ის დირექტორმა გიორგი ბიჭაშვილმა დელეგაციის წევრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.