შინაგან საქმეთა სამინისტროს „112“-ის დეპარტამენტს აშშ-ს ჯორჯიის შტატის ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელი პირები და საქართველოში აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ უწყებებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) პროგრამის წარმომადგენლები ეწვივნენ. სტუმრებს „112“-ის დირექტორმა გიორგი ბიჭაშვილმა უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს დელეგაცის წევრები საქართველოში გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში არსებულ სიტუაციას გაეცნენ და ქვეყანაში მოქმედი, გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის - „112“-ის ფუნქციონირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.
სტუმრებს საშუალება მიეცათ ადგილზე გასცნობოდნენ „112“-ის ოპერატორების მუშაობის სპეციფიკას, დაკვირვებოდნენ ზარის მიღებისა და შეტყობინების დამუშავების პროცესს. გიორგი ბიჭაშვილმა დელეგაციის წევრებს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი დაათვალიერებინა და სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.