შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზესტაფონის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1978 წელს დაბადებული მ. კ. ცხელ კვალზე ძარცვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მ.კ.-მ მიმდინარე წლის 17 მარტს, ზესტაფონის საკოლმეურნეო ბაზარში ქალბატონს ჩანთა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა. ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი პოლიციის მაიორი რატი კუპრაძე, რომელიც მ.კ.-ს დაედევნა და მისი დაკავება მალევე შეძლო.
პოლიციამ გატაცებული ჩანთა და მასში მოთავსებული ფული - 600 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით.