შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და საქართველოს მთასვლელთა გაერთიანებულ ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა და საქართველოს მთასვლელთა გაერთიანებული ფედერაციის პრეზიდენტმა - ავთანდილ ცინცაძემ განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოში მოაწერეს ხელი.
აღნიშნული მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ლაშქრობის, ექსპედიციის ან მწვერვალზე ასვლის პერიოდში ფედერაციის წევრებისთვის სააგენტოს მიერ გადაუდებელი სამაშველო დახმარების აღმოჩენა. მემორანდუმის ფარგლებში, ფედერაცია გამოხატავს კეთილ ნებას, დაეხმაროს სააგენტოს სამთო-სამაშველო საქმიანობაში, მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა ვარჯიშებში და ექსპედიციებში, მიაწოდოს სააგენტოს ინფორმაცია ახალი ტურისტული თუ სამთამსვლელო მარშუტების ცვლილებების შესახებ, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება სამთო-სამაშველო ოპერაციების ჩატარების, ახალი აღჭურვილობის, ტექნიკისა და მისი გამოყენების მნიშვნელობაზე. მემორანდუმით გათვალისწინებული ურთიერთთანამშრომლობა გააუმჯობესებს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ხარისხს.