შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და თელავში საგანგებო სიტუაციების მართვისა და რისკების შემცირების ხარჯთსარგებლიანობის ანალიზის თემაზე ტრენინგები ჩაუტარდათ. სწავლება შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის მხარდაჭერით, პროექტის „პრევენციისა და საგანგებო სიტუაციებზე მზაობის სისტემების გაძლიერება - პროექტის მეორე ეტაპი“ ფარგლებში განხორციელდა.
ტრენინგის მიზანი იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ტერიტორიული დანაყოფების თანამშრომელთა პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლება. სწავლება კატასტროფების მართვის სისტემისა და ხარჯთსარგებლიანობის მეთოდოლოგიის გაცნობას მოიცავდა. სააგენტოს ტერიტორიული დანაყოფების სამოქალაქო უსაფრთხოების სპეციალისტებმა პროფესიული საქმიანობის ეფექტურად წარმართვისთვის საბაზისო ცოდნა მიიღეს.
პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოში გაიმართა. შეხვედრას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი, დირექტორის მოადგილეები ლევან ბუიღლიშვილი და თეიმურაზ კორძაია, ასევე, შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში ოლივიე ბურკი და ჰუმანიტარული დახმარების კოორდინატორი მარტინა რამინგი ესწრებოდნენ.
სწავლების დასასრულს, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს ტესტირება ჩაუტარდათ და შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.