შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა, წარმატებით ჩატარებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, დაშავებული ტურისტები მყინვარწვერიდან ჩამოიყვანეს.
შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ სლოვაკეთის რესპუბლიკის მოქალაქე ორი ტურისტი, მამაკაცი და ქალბატონი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მყინვარწვერიდან ჩამოსვლის დროს, ნაპრალში ჩაცვივდნენ და გადაუდებელ დახმარებას საჭიროებდნენ.
შსს-ს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პირველი სამთო-სამაშველო განყოფილების ოთხკაციანი ჯგუფი შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილისკენ გაეშურა. მაშველებმა ტურისტები ნაპრალიდან ამოიყვანეს და სოფელ გერგეტამდე მიიყვანეს, საიდანაც დაბა ყაზბეგში ცხენებით ჩამოიყვანეს. სლოვაკი ტურისტები მოტეხილობითა და სხეულის დაბეჟილობით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანით ყაზბეგში, ო.ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს.