საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ქ. კიევში ,,სუამის’’ საგანგებო სიტუაციების სამუშაო ჯგუგფის 12-ე სხდომაში მიიღო მონაწილეობა. 2015 წლიდან ,,სუამის’’ საგანგებო სიტუაციების სამუშაო ჯგუფს ქართული მხარე ხელმძღვანელობს. სხდომას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი უძღვებოდა. შეხვედრებს, ასევე, ესწრებოდა დაგეგმვისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მელქაძე. სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:
• ევროკავშირის PPRD East – II 2015-2016 პროექტის სამუშაო გეგმის რეალიზებასთან დაკავშირებული საკითხები;
• „სუამის“ წევრი ქვეყნების მონაწილეობა ბირთვულ, რადიაციულ, ქიმიურ და ბიოლოგიურ ტერორიზმთან ბრძოლისა და შესაძლო შედეგების ლიკვიდაციის საკითხებზე;
• საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათი შედეგების ლიკვიდაციის სფეროში საკანონმდებლო და სამართალ-შეთანხმებითი თანამშრომლობის განვითარება;
• წევრი სახელმწიფოების სპეციალისტების მომზადება.
სხდომაზე ქართული მხარის მიერ წარმოდგენილი პრეზენტაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში გატარებულ ინსტიტუციონალურ რეფორმებს შეეხებოდა.
ვიზიტის ფარგლებში, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ზვიად ქაწაშვილი უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ზორიან შკირიაკსა და უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის უფროსის მოადგილეს ანატოლი ბოიკოს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში არსებული გამოცდილება და ცოდნა გაუზიარეს და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, კონკრეტული ღონისძიებები დაგეგმეს.