შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა, ნიკოლოზ სირაძემ აშშ-ს ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალს, ტომას ბლეკსტოკს, დელეგაციასთან ერთად, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოში უმასპინძლა.
შეხვედრაზე ნიკოლოზ სირაძემ ამერიკელ სტუმრებს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საქმიანობა გააცნო, ასევე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
ამერიკულმა მხარემ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აშშ-ს საელჩოს, აშშ-ს სამხედრო ინჟინერთა კორპუსისა და აშშ-ს ევროპული სარდლობის ერთობლივი საჩუქარი: ხელსაწყოების პორტატიული ყუთები, სხვადასხვა ტიპის გენერატორები, კარვები, ჩაფხუტები, ძალაყინები და სხვა აღჭურვილობა გადასცა.
შეხვედრაზე მხარეები სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელმა სტუმრებმა აშშ-ს ევროპული სარდლობის ფინანსური მხარდაჭერით აშენებული, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ახალი ადმინისტრაციული შენობა დაათვალიერეს და სიმულაციურ ჩვენებებს დაესწრნენ.