შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა და „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის" უფროსმა ნუგზარ კევლიშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ცერემონია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს სამაშველო ბაზაზე ჩატარდა. მემორანდუმის გაფორმებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ გომელაური და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ზურაბ აზმაიფარაშვილი დაესწრნენ.
მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტსა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრს“ შორის თანამშრომლობის ჩარჩოების განსაზღვრას პროექტ – „ნორჩ მაშველთა კლუბი“-ს ფარგლებში. „ნორჩ მაშველთა კლუბი“ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“-ს ბაზაზე შეიქმნა და კლუბის წევრებმა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს სამაშველო ბაზაზე წარმატებით გაიარეს წვრთები და გადამზადების კურსი.
„ნორჩ მაშველთა კლუბი“-ს წევრებმა სტუმრებს საჩვენებელი წვრთნები და კულტურული პროგრამა წარუდგინეს, რომლითაც ისინი აზერბაიჯანსა და ბელარუსიაში დაგეგმილ ბავშვთა და ახალგაზრდულ საერთაშორისო შეჯიბრზე წარსდგებიან. საქართველოს წარმომადგენლები „ნორჩ მაშველთა“ საერთაშორისო შეჯიბრში პირველად მიიღებენ მონაწილეობას.