შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალასში“ აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის (PPRD East) პროგრამის პირველი, ოთხწლიანი ეტაპის მიღწევებისა და შედეგების შემაჯამებელი პრეზენტაცია მოეწყო. პროგრამის ბენეფიციარია შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი. პროექტს ახორციელებენ მოწვეული ექსპერტები, რომლებმაც შეკრებილ სტუმრებს პროგრამის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნისთვის განხორციელებული ღონისძიებების შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინეს.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი აქტიურადაა ჩართული PPRD East-ის პროგრამაში, რომლის მიზანია კატასტროფების რისკების შემცირება, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და ამ მიმართულებით სხვადასხვა აქტივობის განხორციელება. პროგრამის პირველ ეტაპზე, სამოქალაქო უსაფრთხოების გასაძლიერებლად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საგანგებო სიტუაციების მართვის უწყებების თანამშრომლებისთვის ტრენინგები ჩატარდა; პროექტის ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის შეიქმნა რეგიონალური რისკების საერთო ელექტრონული ატლასი; პროგრამის ორგანიზატორებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსივე ქვეყანაში შეისწავლეს საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროს საკანონმდებლო ბაზა და ინსტიტუციონალური მოწყობა, რის შემდეგაც, მიღებული გამოცდილებისა და ევროსტანდარტების გათვალისწინებით, რეკომენდაციები წარადგინეს; უსაფრთხოების სფეროში საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად ასევე მომზადდა ბუკლეტები, გზამკვლევები და ვიდეორგოლები, შეიქმნა საზოგადოებასთან ურთიერთობების უწყებებისა და მედიის წარმომადგენლების ურთიერთთანამშრომლობის გეგმა.
პრეზენტაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად სხვადასხვა სამინისტროს, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების დასასრულს სტუმრებს საგანგებო სიტუაციებში ოჯახის მზადყოფნის შესახებ საგანმანათლებლო გზამკვლევები და ბროშურები გადაეცათ.