შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს, აჭარის ა/რ საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს და გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს მაშველებმა, ხულოში ერთობლივად ჩატარებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, ზორტიყელის მთაზე თოვლში ჩარჩენილ 7 მოქალაქეს დახმარება აღმოუჩინეს.
გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ დიდთოვლობისა და ძლიერი ქარის გამო, ზორტიყელის მთაზე, საზაფხულო იალაღებზე, სოფელ ღორჯომიდან ქარის მიერ დაზიანებული სახლების შესაკეთებლად ასული 7 მოქალაქე გადაადგილებას ვეღარ ახერხებდა და დახმარება ესაჭიროებოდათ.
შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად იქნა მობილიზებული სამაშველო ჯგუფები. ღონისძიებაში ჩართული იყო შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 25 მაშველი, 4 ავტომობილი, 1 ბურანი და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. თუმცა, უამინდობის გამო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ბათუმში დაბრუნება გახდა საჭირო.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის ა/რ საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ხულოს სახანძრო-სამაშველო განყოფილების მაშველები დაკარგულების საძებნელად ხულოდან თხილამურებით გაემართნენ. 20 კილომეტრის გავლის შემდეგ, მაშველებმა თოვლში ჩარჩენილ მოქალაქეებს მიაგნეს და უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გადაიყვანეს.