შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს მაშველებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში წარმატებით ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად მდინარე მულხურას ხეობიდან გზააბნეული ტურისტები გამოიყვანეს.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში, დაბა მესტიასა და მულახს შორის, ხეობაში იმყოფებოდა ორი ტურისტი, რომლებიც ვერ ახერხებენ გამოსვლას.
საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს მეხუთე ქვეგანყოფილების სამაშველო ჯგუფი შეტყობინების მიღებისთანავე გავიდა შემთხვევის ადგილზე. მიღებული „ჯი-პი-ეს“ კოორდინატების საშუალებით მალევე დაადგინეს ტურისტების ზუსტი ადგილსამყოფელი. შსს-ს მაშველებმა ისრაელის ორი მოქალაქე დაბა მესტიაში უვნებლად ჩამოიყვანეს.