შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიმში ახალგაზრდა მეთევზე წყლიდან უვნებლად გამოიყვანეს.
ოპერატიული დახმარების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ მდინარე ხანისწყალში სათევზაოდ იყო შესული 29 წლის მამაკაცი, რომელიც წყლის დონის მატების გამო ხელოვნურად შექმნილ კუნძულზე აღმოჩნდა. მამაკაცი ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს სამაშველო ჯგუფები შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე, სწრაფი რეაგირება მოახდინეს და მამაკაცი ნაპირზე უვნებლად გამოიყვანეს.