შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლევან კ. და 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ივანე ლ. დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ქურდობის ბრალდებით, ხოლო 1969 წელს დაბადებული თემურ გ. ქურდობაში თანამონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ლევან კ. და ივანე ლ., თემურ გ.-ს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, თბილისში, გლდანის „ა“ მიკრორაიონში, 1936 წელს დაბადებული მ. მ.-ს ბინაში შევიდნენ, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ თანხას და ძვირფასეულობას, შემდეგ ქალბატონი გაგუდეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები თბილისში დააკავეს. ნაქურდალი ფული და ძვირფასეულობა ამოიღებულია ნივთმტკიცებად. სამივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ლევან კ.-ს და ივანე ლ.-ს მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ქურდობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 109-ე და 177-ე მუხლებით), ხოლო თემურ გ.-ს მიმართ ქურდობაში თანამონაწილეობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 25-177-ე მუხლით).