შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 26 მაისს თელავში მოქალაქეებს იმიტირებულ უსაფრთხო ქალაქში უმასპინძლა. პროექტი - „ეს ჩემი ქალაქია“ სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში წარმოადგინა.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი თელავში, ერეკლე მეორის გამზირზე მოწყობილ იმიტირებულ ქალაქს ეწვია, ადგილობრივ მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და სამინისტროს დანაყოფების მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი კუთხე დაათვალიერა.
იმიტირებულ ქალაქში ბავშვებსა და მოზრდილებს, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენის გარდა, უამრავი სიურპრიზი დახვდათ:
სპეციალურად მოწყობილ საბავშვო კუთხეში, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე ნახატების კონკურსი ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს თელავის სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა. საუკეთესო ნამუშევრები ჟიურიმ გამოავლინა და მათ ავტორებს შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ბრენდირებული საჩუქრები გადასცა.
შსს-ს „112“-ის დეპარტამენტმა ინოვაციური საბავშვო პროექტი - „112-ის კოსმოსური ხომალდი“ წარმოადგინა, სადაც მოზარდებმა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სპეციალურად მათთვის შექმნილ კომპიუტერულ თამაშებში მიიღეს მონაწილეობა.
შსს-ს მომსახურების სააგენტომ შემეცნებით-გასართობი კუთხე მოაწყო, სადაც სააგენტოს თანამშრომლებმა, ველოსიპედის მართვის მოწმობის მოსაპოვებლად, 5-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებს სახალისო თეორიული და პრაქტიკული გამოცდა ჩაუტარეს. მოქალაქეებს, ასევე, საშუალება ჰქონდათ შსს-ს მომსახურების სააგენტოს სპორტული კლუბი MIA Force-ის სარბოლო ავტომობილები და ფოტოგამოფენა დაეთვალიერებინათ. შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის სახე, ევროპის ჩემპიონი ძარიანი ავტომობილებით რბოლაში დათა ქაჯაია სტუმრებს შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიასა და საკუთარ სპორტულ მიღწევებზე ესაუბრა.
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ მოწყობილ შემეცნებით-გასართობ კუთხეში პატარებს საშუალება ჰქონდათ სახანძრო ავტომანქანა დაეთვალიერებინათ, გასაბერ სასრიალო ბატუტზე ესრიალათ და მეხანძრე-მაშველის მაკეტებთან ფოტოები გადაეღოთ. მათ უსაფრთხოებაზე კი მეხანძრე-მაშველები ზრუნავდნენ.
საპატრულო პოლიციამ საგამოფენო სივრცეში პატრულ-ინსპექტორის აღჭურვილობა და საპატრულო პოლიციის ტრანსპორტი: „ფორდ-ინტერსეპტორი“, საპატრულო პიკაპები, მოტოციკლები და „სეგვეი“ განათავსა.
სასაზღვრო პოლიციამ სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტების ტრანსპორტისა და აღჭურვილობის გამოფენა მოაწყო, სადაც წარმოდგენილი იყო: სახმელეთო საზღვრის დაცვის კვადროციკლები, სანაპირო დაცვის მყვინთავის აღჭურვილობა, სააბორდაჟო აღჭურვილობა, ქიმიური და რადიაციული ნივთიერებების დეტექტორები, ინდივიდუალური ფანარი, რადიაციის იდენტიფიკატორი, ღამის ხედვის ხელსაწყო, ადგილმდებარეობის განსაზღვრის სისტემა, ფოტოხაფანგი და ასტრონომიული ბინოკლი.
შსს-ს აკადემიის არქივის ღია კინოთეატრში საარქივო მასალებზე დაყრდნობით მომზადებული მოკლემეტრაჟიანი ისტორიული ფილმი უჩვენეს.
შსს-ს აკადემიის ვირტუალურ ტირში კი სტუმრებს საშუალება ჰქონდათ სხვადასხვა სცენარით, რამდენიმე წუთით, ინსტრუქტორის დახმარებით, პოლიციელის როლი მოერგოთ.
შსს-ს აკადემიამ ღონისძიებაზე პირველად წარმოადგინა ანიმაციური გმირი, სახელწოდებით „პოლი“, რომელმაც უსაფრთხო ქალაქში მისულ სტუმრებს მეგზურობა გაუწია.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო საბრძოლო ჯავშანტექნიკა: „კობრა“, „მგელი“, „დეფენდერი“.
შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა დაცვის პოლიციის საგამოფენო კუთხეში „დაცული ქუჩა“ მოაწყო, სადაც ბავშვებსა და მოზრდილებს საინტერესო სათავგადასავლო თამაშები, სიმბოლური საჩუქრები და სიურპრიზები დახვდათ. საგამოფენო სივრცეში ინკასაციის და ოპერატიული რეაგირების სპეცავტომობილები, ასევე, ეკოლოგიური ტრანსპორტი იყო წარმოდგენილი. სცენაზე დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მხარდაჭრით არსებულმა ქორეოგრაფიულმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა - "თარიკონმა" და "გოგოჭურებმა" სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული საკონცერტო პროგრამა წარმოადგინეს. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბისა და საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები.
იმიტირებულ ქალაქის შესასვლელს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები და სპეციალურად გაწვრთვნილი ძაღლები იცავდნენ, ხოლო უსაფრთხოებასა და მართლწესრიგზე საპატრულო პოლიცია ზრუნავდა.