შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1971 წელს დაბადებული ზ.ფ. გამოძალვის ბრალდებით დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისის ერთ-ერთი ტოტალიზატორის მენეჯერს მუქარის წერილი გაუგზავნა და დიდძალი თანხა მოსთხოვა. ფულის გადაუხდელობის შემთხვევაში, ზ.ფ. მსხვერპლს ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა. მოგვიანებით, ბრალდებული რამდენჯერმე მობილური ტელეფონითაც დაუკავშირდა ტოტალიზატორის მენეჯერს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფულის გადახდა მოსთხოვა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზ.ფ. თბილისში, გლდანში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი მუქარის მორიგ ზარს ახორციელებდა. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო დანა და მობილური ტელეფონი, რომლითაც ზ.ფ. მსხვერპლს ურეკავდა და ემუქრებოდა.
გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.