საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით პოლიციის ატაშეების ფორუმი გაიმართა. კონფერენცია მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ გახსნა.
ფორუმს ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელები, საქართველოში აკრედიტირებული უცხო ქვეყნის პოლიციის ატაშეები და საქართველოს პოლიციის ატაშეები.
ღონისძიებაზე მოხსენებით წარდგნენ საფრანგეთის, ავსტრიის, ევროპოლისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლები.
ფორუმის მიზანი იყო მასში მონაწილე ქვეყნებს შორის არსებული საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავება და პოლიციის ატაშეების ქსელის გაძლიერება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდეს უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების შესახებ. ფორუმის მონაწილეებმა არსებული თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და გამოწვევები მიმოიხილეს და ერთმანეთს საპოლიციო თანამშრომლობის შესახებ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება გაუზიარეს.
აღნიშნული ფორუმი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროკავშირის პროექტის - "ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოში სისხლის სამართლის პოლიტიკის, სისხლისსამართლებრივი დევნისა და გამოძიების განვითარებისთვის" - ერთობლივი დაფინანსებით განხორციელდა.