საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, ევროპოლის წევრი ქვეყნების პოლიციის ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრების ფორმატში, ევროპოლს ოფიციალური სამუშაო ვიზიტით ეწვია.
ქართველ სამართალდამცველებს მიგრაციის, საშინაო საქმეებისა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა და ევროპოლის აღმასრულებელმა დირექტორმა კატრინ დე ბოლმა უმასპინძლეს.
ვიზიტის ფარგლებში რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრების დროს ხაზგასმით აღინიშნა ევროპოლის წევრ ქვეყნებს შორის საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის, საქართველოსა და ევროპოლს შორის არსებული ეფექტიანი ურთიერთობისა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეების საქმიანობის მნიშვნელობა.
მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროპოლის წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, საერთაშორისო კრიმინალური ორგანიზებული დაჯგუფებების წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
შეხვედრების მონაწილეებმა საქართველოსა და ევროპოლს შორის, ასევე, ევროპოლის ცალკეულ წევრ ქვეყნებთან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.