შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობენ ერთკვირიან საერთაშორისო სწავლებაში - „ტრანსსასაზღვრო რეგიონული და ოპერაციული წვრთნა საკონტროლო მიწოდებაში“ ("Cross-border Regional and Operational Exercise of Controlled Delivery"). სწავლება საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და ევროკავშირის აქტის (EU ACT) მხარდაჭერით ტარდება.
სწავლების მიზანია მონაწილე ქვეყნების სამართალდამცველების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით და ეფექტიანი გამოძიების მეთოდების გაზიარება.
ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობენ მოლდოვის, უკრაინის, სომხეთის და საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროების, პროკურატურის და საბაჟო უწყებების წარმომადგენლები, საფრანგეთის რესპუბლიკის მეკავშირე ოფიცერი ევროპოლში და საერთაშორისო ექსპერტები.
საერთაშორისო სწავლება ითვალისწინებს რეალურ დროში ოპერატიული ღონისძიების სიმულირებას, ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფების ფორმირებას უცხოელ პარტნიორებთან ერთად და სავარაუდო დამნაშავის გამოვლენა-ადევნებისა და დაკავების მიზნით, სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადაადგილებას.
ღონისძიების მონაწილეები, დანაშაულის პრევენციისა და გამოვლენის მიზნით, მათ ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებენ.
საერთაშორისო სწავლებამ მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს თბილისში აიღო სტარტი, რომელიც სომხეთში გაგრძელდება და 26 ოქტომბერს საქართველოში, აჭარის ტერიტორიაზე დასრულდება.