შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის - მამუკა ჭელიძის ბრიფინგი
შინაგან საქმეთა სამინისტრო, საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას განაგრძობს.
გუშინ დიდუბეში, სავაჭრო ცენტრი „მეგალაინის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცოპერაცია ჩატარდა, რომლის შედეგად, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინეს და მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფურად გამოძალვის ბრალდებით, 2 პირი დააკავეს.
მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის დაკავებული არიან წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1984 წელს დაბადებული დ.ბ. და 1983 წელს დაბადებული გ.ჭ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დ.ბ.-ს მფლობელობაში არსებულ სასტუმროში 1993 წელს დაბადებული გ.ს. მოტყუებით მიიყვანეს, მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ღირსების შემლახველი ფოტოები გადაუღეს, დიდი ოდენობით ფულს სძალავდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ოჯახის წევრების მოკვლით და ფოტოების ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნებით დაემუქრნენ.
ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ დ.ბ. და გ.ჭ. თბილისში, დიდუბეში, ავტომანქანით გადაადგილებისას დააკავა. დ.ბ.-ს კუთვნილი სასტუმროს ერთ-ერთი ნომრიდან, რომელშიც გ.ჭ. ცხოვრობდა, „ნაგანის“ სისტემის პისტოლეტი 7 საბრძოლო ვაზნით და საინექციოდ გამზადებული ნარკოტიკული ნივთიერება ნივთმტკიცებად იქნა ამოღებული.
გამოძიება ჯგუფური გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში ყალბი დოკუმენტების დამზადების ფაქტი გამოვლინდა. დაკავებულია 4 პირი. ერთ-ერთ ბრალდებულს გამოძიება ყალბი დოკუმენტაციის გასაღებასაც ედავება.
დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ამოღებულია კუსტარული წესით დამზადებული, საბერძნეთის რესპუბლიკის სახელით გაცემული ყალბი დროებითი ბინადრობის და მართვის მოწმობები, საქართველოს მოქალაქის დამადასტურებელი ყალბი პასპორტები, სხვა სახის ყალბი დოკუმენტები და ამგვარი დოკუმენტაციის დასამზადებელი დანადგარები. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, წარსულში ქურდობისა და ძალადობისთვის ნასამართლევი პირები - 1995 წელს დაბადებული ჯ. გ. და 1997 წელს დაბადებული ო.ა. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში ირანის მოქალაქეს - 1987 წელს დაბადებულ ი.ა.-ს ფული, მობილური ტელეფონი, პასპორტი და სახლის გასაღები წაართვეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დანაშაულის ჩამდენი პირების, ასევე, ფაქტის თვითმხილველი ტაქსის მძღოლის ვინაობა, რომელმაც აღნიშნული დანაშაული დაფარა, მომხდარიდან მოკლე დროში დავადგინეთ და დავაკავეთ.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გუშინ გვიან ღამით მომხდარი დაჭრის ფაქტზე 1950 წელს დაბადებული გ.ც. თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკებისას, თავისი კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 1989 წელს დაბადებულ კ.გ.-ს სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.