მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, გავაკეთოთ განმარტება 2016 წლის 19 მაისს თბილისში შსს-ს მიერ ორი პირის დაკავების ფაქტზე:
2016 წლის 19 მაისს, დაახლოებით 23:00 საათზე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე–ჩუღურეთის სამმართველოს მე–3 განყოფილების თანამშრომლები, პრევენციული ღონისძიებების ჩატარების მიზნით, ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას ცოტნე დადიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე. წ. გადასასვლელ ხიდთან. მათ შენიშნეს ხუდადოვის ქუჩიდან მომავალი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, 1981 წელს დაბადებული ლაშა ბ., რომელიც, პოლიციელთა დანახვისას, ხელების ქნევით გაემართა მათი მიმართულებით, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და იმუქრებოდა, რომ არ აპატიებდა 2016 წლის 15 მაისს ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების ფაქტს.
სამართლდამცველთა კანონიერ მოთხოვნაზე, ლაშა ბ.-ს შეეწყვიტა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დებოში, წინააღმდეგ შემთხვევაში - მოხდებოდა მისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დაკავება, აღნიშნული პირი კიდევ უფრო აგრესიული გახდა, მიუახლოვდა მათ და პოლიციის თანამშრომელს მარჯვენა ხელით მუშტი გაარტყა სახეში. დაკავებისას ლაშა ბ.-მ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და ხელს უშლიდა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში. დაკავების დროს, ერთ-ერთ პოლიციელს მან მარჯვენა ხელზეც უკბინა.
შემთხვევის ადგილზე გამოჩნდნენ ლაშა ბ.-ს და - ხათუნა ბ. და დედა - ეთერ ო. აღნიშნული პირები ცდილობდნენ, აგრესიული წინააღმდეგობა გაეწიათ პოლიციის თანამშრომლებისთვის და არ აძლევდნენ მათ ლაშა ბ.-ს დაკავების საშუალებას. სამართლდამცველთა მხრიდან არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, შეეწყვიტათ მსგავსი ქმედება და დამორჩილებოდნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, დედა–შვილი განაგრძობდა სამართალდამცველთათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას, მუქარას და ხელის შეშლას. ხათუნა ბ.-მ მოიმარჯვა მობილური ტელეფონი და პოლიციელებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, დაიწყო ყვირილი, თითქოს მასზე სამართალდამცველები ფიზიკურ ანგარიშსწორებას ახდენდნენ.
წინაღმდეგობის მიუხედავად, ლაშა ბ. პოლიციელებმა ადგილზე დააკავეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ხათუნა ბ. ადგილზე დაკავებული იქნა ადმინისტრაციული წესით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, ხოლო ეთერ ო.-ს მიმართ დაწყებული იქნა ადმინისტრაციული საქმის წარმოება.
აღნიშნულ საქმეზე, 2016 წლის 20 მაისს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე–ჩუღურეთის სამმართველოს მე–3 განყოფილებამ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ–ის 353–ე მუხლით.
დიდუბე–ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში მიყვანის შემდეგ, ლაშა ბ.-მ მოითხოვა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ვინაიდან, მისი თქმით, აწუხებდა გული. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მოსვლის შემდეგ, ექიმების თანდასწრებით, ლაშა ბ.-მ პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში მიიყენა თვითდაზიანება.
კერძოდ, სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმის, მოწმე მ. ს.-ს გამოკითხვით, 2016 წლის 20 მაისს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრებთან - ექიმ მ. ზ., ექიმ ე.კ. და მძღოლ ი. ბ.-სთან ერთად, გამოძახების საფუძველზე, გამოცხადდა ზ/აღნიშნულ პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც დახვდათ დაკავებული ლაშა ბ. დაკავებულს ვიზუალურად დაზიანება არ აღენიშნებოდა და გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით სამართალდამცველთა მიმართ. მ. ს.-ს გამოკითხვით, ლაშა ბ. -მ მოულოდნელად, მის თვალწინ, თავი რამდენიმეჯერ დაარტყა იატაკს, რითაც მიიყენა თვითდაზიანებები სახის არეში. იქვე მყოფმა პოლიციის თანამშრომელმა მას მსგავსი ქმედების განმეორების შესაძლებლობა აღარ მისცა, რამაც დაკავებულის კიდევ უფრო მეტი აგრესია გამოიწვია.
ამავდროულად, დაკავებული ლაშა ბ., ასევე ადმინისტრაციული წესით დაკავებული ხათუნა ბ., ახალგაზრდა ქალბატონთან ერთად პოლიციის შესასვლელი კარის წინ მდგარი ეთერ ო. გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აგრესიულობით სამართლდამცველების და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრების მიმართ. ექიმ მ.ს.-ს გამოკითხვით, ვიზუალურად არც ხათუნა ბ.-ს და არც ეთერ ო.-ს დაზიანებები არ აღენიშნებოდათ. აღნიშნულ ფაქტს ასევე ადასტურებს სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრების - მ.ზ.-ს და ე.კ.-ს გამოკითხვები.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბრალდებულის სახით დაკავებული ლაშა ბ., შემდგომი გამოკვლევის ჩატარების მიზნით, „ამტელ ჰოსპიტალში“ გადაიყვანა. ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევების შედეგად, ლაშა ბ. არ საჭიროებდა სტაციონარში მოთავსებას და გაცემული შესაბამისი ცნობის საფუძველზე, იგი შესახლებული იქნა დროებით მოთავსების იზოლატორში.
ამავდროულად, აღნიშნულ სისხლის სამართლიის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი იქნა დიდუბე–ჩუღურეთის სამმართველოს მე–3 განყოფილების თანამშრომელი დ.ჩ., რომელსაც ლაშა ბ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად, დანიშნულია სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზა.
საქმეში არსებობს სხვა მოწმეთა ჩვენებებიც.
აქვე შევნიშნავთ, რომ 1981 წელს დაბადებული ლაშა ბ. ნასამართლევია: 1997 წელს - ქურდობის მცდელობისა და ძარცვისთვის; 1999 წელს - ხულიგნობის ფაქტზე; 2001 წელს - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე; 2003 წელს დაპატიმრებული იქნა სსკ-ის 178-ე მუხლის 2 ნაწილით (ძარცვა); 2007 წელს გასამართლდა სსკ-ის 273-ე მუხლით, ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე განმეორებით მოხმარების ფაქტზე; 2008 წელს გასამართლდა სსკ-ის 239-ე მუხლით (ხულიგნობა); 2009 და 2010 წლებში გასამართლდა სსკ-ს 273-ე მუხლით, ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე განმეორებით მოხმარების ფაქტებზე; 2015 წელს დაკავებული იქნა სსკ-ის 177-ე (ქურდობა) და 260-ე (ნარკოტიკული საშუალების ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) მუხლებით. ამასთან, ლაშა ბ. 2015 წლის ივნისში, ასევე, 2016 წლის აპრილსა და მაისში გამოვლენილი იქნა თბილისის საპატრულო პოლიციის მიერ და დაედო ადმინისტრაციული სახდელი ასკ-ის 166-ე და 173-ე მუხლებით, წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე.
ლაშ ბ.-ს და, ხათუნა ბ. - დაბადებული 1975 წელს, 2015 წელს ადმინისტრაციულად სახდელდადებული იქნა საქართველოს ასკ-ის 173-ე მუხლით.
მიუხედავად ზემოაღნიშნული ფაქტისა, რასაც მოწმეთა ჩვენებებიც ადასტურებს, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ საქმე გამოსაძიებლად საქართველოს გენერალურ პროკურატურას გადაუგზავნა.