შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო ჯავახაძის ბრიფინგი
შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებას.
ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, არჩევნები მთელი საქართველოს მასშტაბით მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
პოლიციამ გამოძიება დაიწყო სავარაუდო დანაშაულის ოთხ ფაქტზე. მათ შორის გამოძიება დაიწყო თბილისში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ტვ პირველის ჟურნალისტის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, მცხეთაში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე და ბათუმში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე. სამივე საქმეში ბრალდების ადრესატები არიან როგორც ოპოზიციური, ისე მმართველი პარტიის წარმომადგენლები.
ოთხივე საქმეზე ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწვდით ინფორმაციას.
რამდენიმე მედიასაშუალების მიერ ყურადღება იქნა გამახვილებული ცალკეულ რეგიონებში საპოლიციო ძალების მობილიზებაზე.
აღნიშნულის შესახებ ჩვენ გუშინაც გავავრცელეთ განცხადება და ინფორმაცია მივაწოდეთ როგორც საზოგადოებას, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს.
კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვალდებულებაა არჩევნების მიმდინარეობის დროს უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. ამ მიზნით, ვაგრძელებთ აქტიურ მოქმედებებს - საპოლიციო ძალების გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.