შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 179 წვევამდელმა სამხედრო ფიცი მიიღო. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი მინდია ლორთქიფანიძე, დეპარტამენტის თანამშრომლები და ახალწვეულთა ოჯახის წევრები დაესწრნენ.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მერაბ მალანიამ წვევამდელებს ფიცის მიღება მიულოცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროსა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ჯარისკაცები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან. შესაბამისი წვრთნების შედეგად, ახალწვეულები სამხედრო საქმიანობას შეისწავლიან და პროფესიონალი ჯარისკაცისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს შეიძენენ. ამასთანავე, უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო სამედიცინო მომსახურებით, უფასო კვებით და ისარგებლებენ მოკლევადიანი შვებულებით, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივ სპორტულ ღონისძიებებში.
სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ, წარჩინებული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები, სურვილის და შესაბამისი კონკურსის გავლის შემთხვევაში, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დასაქმდებიან.