შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 13 თანამშრომელმა საერთო საჯარისო ცენტრის კაპიტნის საკარიერო კურსი გაიარა. კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პოლიციის პოლკოვნიკი სვიმონ ქარჩაიძე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა, რომლებმაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის საერთო საჯარისო ცენტრის კაპიტნის საჯარისო სკოლაში 22 კვირიანი კაპიტნის საკარიერო კურსი გაიარეს. სვიმონ ქარჩაიძემ კურსდამთავრებულებს სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცა და კარიერული წინსვლა უსურვა.
თავდაცვის სამინისტროს საერთო საჯარისო ცენტრის კაპიტნის საკარიერო კურსი მიმდინარე წლის 21 ივლისს დაიწყო და 26 დეკემბერს დასრულდა. სწავლებაში სულ 114 ოფიცერი, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 13 წარმომადგენელი მონაწილეობდა.
კურსის განმავლობაში ოფიცრებმა ტაქტიკა, დაზვერვის უნარ-ჩვევები, საცეცხლე და საინჟინრო მხარდაჭერის ელემენტები, საჰაერო თავდაცვა, პერსონალის მართვა, კავშირგაბმულობა და ლოგისტიკა შეისწავლეს. სწავლების მონაწილეებს ჩაუტარდათ როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული მეცადინეობები. კაპიტნის საკარიერო კურსების მიზანია ოფიცერთა კარიერული განვითარება.