შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები მართლწესრიგის ოფიცრებს ოჯახში ძალადობისა და სექსუალური შევიწროების თემებზე ტრენინგს უტარებენ.
სწავლება მოიცავს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებს, მათ შორის: ძალადობის განმეორების რისკების შეფასებისა და შემაკავებელი ორდერების შევსების უნარ-ჩვევების გაძლიერებას; შემაკავებელი და დამცავი ორდერების მონიტორინგის პროცედურებს; ოჯახში ძალადობისაგან არასრულწლოვანთა დაცვის მექანიზმებს.
ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან ინფორმაციას ძალადობის მსხვერპლებისთვის განკუთვნილი სახელმწიფო სერვისებისა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებული მუშაობის შესახებ.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები მართლწესრიგის ოფიცრებს სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებულ რეგულაციებსა და სამართალწარმოების თავისებურებებს განუმარტავენ.
გადამზადების კურსს 100-ზე მეტი მართლწესრიგის ოფიცერი გაივლის.