შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.კ., ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 22 ივნისს, ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე კაფე „ალერტი“ დააყაჩაღა. რ.კ.-მ კაფეში მომუშავე პერსონალს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 500 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ინტენსიური სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რ.კ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში, ბათუმში დააკავეს.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.