შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და ძველი თბილისის სამმართველოების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის ბრალდებებით 5 პირი: 1985 წელს დაბადებული ლ.ს., 1968 წელს დაბადებული ზ.ს., 1983 წელს დაბადებული მ.ხ., 1992 წელს დაბადებული ლ.პ. და 1987 წელს დაბადებული გ.დ. დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 19 თებერვალს, თბილისში, ვერცხლის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულმა ლ.ს.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე ჭრილობა მიაყენა 1976 წელს დაბადებულ ბ.ბ.-ს, რის გამოც იქვე მყოფმა, 1979 წელს დაბადებულმა ა.ბ.-მ, თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღით, კონფლიქტში მონაწილე პირების მიმართ საპასუხო გასროლები განახორციელა. აღნიშნული სროლის დროს, მან სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1969 წელს დაბადებულ ზ.ჯ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. კონფლიქტში მონაწილე სხვა პირები კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დაჭრილი ბ.ბ. ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სამართალდამცველები ზ.ჯ.-ს განზრახ მკვლელობაში მხილებულის, 1979 წელს დაბადებული ა.ბ.-ს ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით ინტენსიურად მუშაობენ.
გამოძიება განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 19-108 მუხლებით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 375-ე და 376-ე მუხლების მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.