შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მთაწმინდის პარკთან მომხდარი უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს. სამართალდამცველებმა, ყაჩაღობის ბრალდებით, რუსთავში 2 პირი: 1997 წელს დაბადებული მ.ზ. და 1998 წელს დაბადებული ვ.ქ. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ისრაელის მოქალაქეს, 1948 წელს დაბადებულ ჯ. ჰ. კ.-ს თბილისში, ამაღლების ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთაწმინდის პარკში ამავალ საფეხმავლო ბილიკზე, მისთვის უცნობმა ორმა პირმა იარაღის მუქარით 200 აშშ დოლარი და 800 ლარი გასტაცა, რის შემდეგაც თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაზარალებულმა მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა.
ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა ყაჩაღობის შესახებ მიღებული შეტყობინებიდან რამდენიმე საათში დამნაშავეთა ვინაობა ოპერატიულად დაადგინეს და ორივე პირი დააკავეს. ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.