შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, 1980 წელს დაბადებული რ.გ. დააკავეს, ორი პირის სამძებრო ღონისძიებები კი გრძელდება. დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 26 ნოემბერს წითელი ხიდი-შულავერის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, მარნეულის რაიონის სოფელ თაქალოსა და სოფელ ხანჯიგაზლოს მონაკვეთზე, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით მოძრავ მოქალაქეებს - შ.მ.-ს, ფ.ა.-ს, ზ.ა.-ს და ა.გ.-ს სამი მამაკაცი თავს დაესხა. თავდამსხმელებმა ორ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც, იარაღის მუქარით, 800 000 რუსული რუბლი გაიტაცეს და მიიმალნენ.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამივე თავდამსხმელის ვინაობა ოპერატიულად დაადგინეს, ერთ-ერთი მათგანი - რ.გ. დააკავეს, დანარჩენების დასაკავებლად კი სამძებრო ღონისძიებები გრძელდება. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნაყაჩაღარი თანხის დიდი ნაწილი ამოიღო.
გამოძიება ჯგუფურად, დიდი ოდენობით ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.