შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის კახა საბანაძის ბრიფინგი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლას. ჩვენი მიზანია ქვეყანაში „ქურდული სამყაროსა“ და მასთან დაკავშირებული კრიმინალური მენტალიტეტის აღმოფხვრა.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის“ და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით, 5 პირი დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული არიან: 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.რ, 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ს., 1980 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ი.მ., 1948 წელს დაბადებული შ.ქ. და 1975 წელს დაბადებული მ.კ.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 27 იანვარს ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ-საცხოვრებელ ბინაში მოქალაქე მ.კ.-სა და ბიზნესმენ ჯ.მ.-ს შორის არსებული უთანხმოების გადაწყვეტის მიზნით, „ქურდული შეკრება“ გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ კრიმინალური სამყაროს წევრები: შ.ქ., მ.კ., ი.მ., ლ.ს. და ი.რ.
ამავე შეკრებაში, ელექტრონული კომუნიკაციის მეშვეობით ჩაერთო 2016 წლიდან ინტერპოლის მიერ ძებნილი, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი სულხან ჯაფარიძე (წარსულში სულხან თვალჭრელიძე), რომელმაც თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით მხარეებს შორის უთანხმოება ქურდული წესებით გადაწყვიტა.
სამართალდამცველების მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დასახელებული ქურდული შეკრების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა განხორციელდა.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პოლიციამ 5-ვე პირი მიმდინარე წლის 11 თებერვალს თბილისში დააკავა. ინტერპოლით ძებნილ ქართველ ე.წ. "კანონიერ ქურდ" სულხან ჯაფარიძეს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინება.
პოლიციამ თბილისში, დაკავებულების საცხოვრებელი ბინების და ავტომანქანების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო სხვადასხვა ტიპის, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „კანონიერი ქურდობის“, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის“ და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე სეკუნდა მუხლით და 223-ე ტერცია მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.