შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარდა. პრეზენტაცია შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა.
„ჩვენ პირობა დავდეთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის რეფორმირება დაიწყებოდა თანმიმდევრულად და დავთქვით კონკრეტული თარიღები. დღეს ვასრულებთ ამ დაპირებას. ზუსტად ერთი თვის თავზე წარმოვადგენთ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაციას. შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ, პირველი ნაბიჯი გადაგვედგა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნით, რამეთუ კარგად გვესმის, კრიმინალთან ბრძოლაში არც ერთ ჩვენს მიღწევას ფასი არ ექნება, თუ ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტი არ იქნება შენარჩუნებული. სწორედ ამიტომ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას მობრძანებისთვის. გვესმის, რომ თქვენთან პარტნიორობის გარეშე ამ ამოცანების მიღწევა რთული იქნება,“ - განაცხადა შს მინისტრმა.
პრეზენტაციას სახელმწიფო უწყებების, საკანონმდებლო ორგანოს, სასამართლოს, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა სფეროში მოღვაწე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი 2018 წლის 11 იანვარს შეიქმნა და ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციული ნიშნით და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის, ტრეფიკინგის, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების მონიტორინგს განახორციელებს. აღნიშნული დეპარტამენტი, ასევე, უზრუნველყოფს ხარვეზების იდენტიფიცირებას, მათი აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას და პრაქტიკაში დანერგვას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნის მიზანია უახლოეს მომავალში ზემოხსენებული დანაშაულების შემცირება და მათი პრევენცია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გამოაცხადა კონკურსი დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად. დეპარტამენტში სულ 12 ადამიანი დასაქმდება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირებს, როგორც უწყების თანამშრომლებს, ასევე, დაინტერესებულ მოქალაქეებს.
ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი ფუნქციონირებას თებერვლის ბოლომდე დაიწყებს.