შინაგან საქმეთა სამინისტრომ „სისხლის ბანკთან“, ო. ღუდუშაურის კლინიკასთან და ჰემატოლოგიის ინსტიტუტთან სისხლის დონაციასთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა. მემორანდუმებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლევან კაკავამ მოაწერა ხელი.
დოკუმენტები ლეიკემიითა და სხვა მძიმე პათოლოგიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სამინისტროს თანამშრომელთა მიერ სისხლის ნებაყოფლობით და უსასყიდლოდ ჩაბარებას ითვალისწინებს. საჭიროების შემთხვევაში, ჩაბარებული სისხლი და სისხლის კომპონენტები უსასყიდლოდ გადაეცემა მშობიარეებს, ჩვილ ბავშვებსა და ექსტრემალური სიტუაციების დროს დაზარალებულ პაციენტებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს რამდენიმე წელია უანგაროდ გასცემენ. დონაციის სხვადასხვა აქციის ფარგლებში, სამინისტროს ასეულობით თანამშრომელმა და პოლიციელმა გაიღო სისხლი.