შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1963 წელს დაბადებული რ.ჯ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, ღამით, ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯუმში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა 1978 წელს დაბადებულ შ.დ.-ს. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა რ.ჯ. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.