შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1959 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.გ. და 1980 წელს დაბადებული, წარსულში ბინის ქურდობისთვის ნასამართლევი - ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.მ. თბილისში, ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე, ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში კარის საკეტის გამღები ინსტრუმენტის - ე.წ. "ატმიჩკის" გამოყენებით, უკანონოდ შეაღწიეს და მასში არსებული ნივთების დაუფლებას ცდილობდნენ.
სამართალდამცველებმა ორივე პირი ბინაშივე დანაშაულის ჩადენის დროს დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ნაქურდალი ნივთები და კუსტარულად დამზადებული კარის საკეტის გამღები მოწყობილობა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არაერთგზის ჩადენილ ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.